LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ არაფერი შეიცვალა, თავს მოვიკლავ: “ფორტუნამ” გარევაჭრობაზე მონიტორინგი ჩაატარა

525

გარევაჭრობა არა მხოლოდ კანონით, რეალურადაც აიკრძალა. თბილისის მერიის ზედამხვედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეებს თბილისის ქუჩები გაათავისუფლებინეს. დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებას გარემოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. წინააღმდეგობის მიუხედავად, დღეს თბილისის ქუჩებში გარემოვაჭრეებს ვეღარ შეხვდებით. „ფორტუნა“ დაინტერესდა, როგორ გამოიყურება გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლებული ადგილები.

გარევაჭრობის აკრძალვა ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო

ჩვენ მიერ შერჩეული პირველი ლოკაცია სადგურის მოედანი იყო. ადგილზე მისულებს სისუფთავე და კმაყოფილი მოქალაქეები დაგვხვდნენ. თუ ადრე სადგურის ტერიტორიაზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო, დღეს ეს პრობლემა ნამდვილად აღარ შეგაწუხებთ. როგორც სადგურის ტერიტორიაზე დასაქმებულები აცხადებენ, დედაქალაქის მთავრობისგან გარევაჭრობის აკრძალვა ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. გარდა იმისა, რომ გარემოვაჭრეები გადაადგილებაში უშლიდნენ ხელს, ადგილზე აუტანელი ხმაური და ანტისანიტარია იყო.

„ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის მერიამ. მეტროში ვმუშაობ, შესვენების დროს გარეთ გამოსვლა არ მინდოდა. მეტროს კიბეებზე ნორმალურად ვერ ახვიდოდი, ხმაურსა და სიბინძურეზე ხომ აღარაფერს ვამბობ“, – აღნიშნავს მეტროს თანამშრომელი ჩვენთან საუბარში.



გარევაჭრობის პრობლემა მოგვარებულია ახმეტელისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზეც. თუ ადრე მეტროს ამოსასვლელები დახლებითა და ხალხით იყო გადაჭედილი, დღეს ეს ადგილები მოთავისუფლებულია და მოქალაქეებიც ზედმეტი დაბრკოლებების გარეშე გადაადგილდებიან. განსაკუთრებით კმაყოფილები ავტომობილების მძღოლები არიან. როგორც ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, გარემოვაჭრეების გამო მეტროსთან მანქანის გაჩერება შეუძლებელი იყო, დღეს კი თავისუფლად შეუძლიათ გაჩერდნენ და მშვიდად დაელოდონ მგზავრებს.

„პირდაპირ გზის პირზე იდგა დახლები, ბუნებრივია ხელი გვეშლებოდა მანქანის დაყენებაში. გარდა ამისა, ავტოსაგზაო შემთხვევების რისკიც მაღალი იყო. გზის პირზე დადგმული დახლები მოქალაქეებს ხელს უშლიდნენ გზაზე გადასვლაში და თავისთავად საფრთხეც იზრდებოდა, როგორც მძღოლებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის“ ,- ამბობს ერთ-ერთი მძღოლი ჩვენთან საუბარში.

რას ამბობენ გარემოვაჭრეები

დედაქალაქის მთავრობამ გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ, ბაზრის ადმინისტრაციასთან მოილაპარაკა და გარემოვაჭრეებმა ქუჩიდან ბაზრებში გადაინაცვლეს. ბაზრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეები 6 თვის ვადით შეღავათებით ისარგებლებენ და ადმინისტრაციას ყოველდღიურ გადასახადს არ გადაუხდიან. მიუხედავად ამ შეღავათებისა, მოვაჭრეები უკმაყოფილოები არიან. ქოლგის ქვეშ მდგომებს, ბაზრის პირობები არ მოსწონთ და ქუჩაში, ღია ცის ქვეშ დგომაში მეტ სარგებელს ხედავენ. ერთ-ერთი გარემოვაჭრის თქმით, ბაზარში გადასვლის შემდეგ, იმ „ორ კაპიკსაც“ ვეღარ შოულობს, რითაც წლების განმავლობაში ოჯახს გაჭირვებით, მაგრამ ინახავდა.

„თუ არაფერი შეიცვალა, თავს მოვიკლავ, საერთოდ არ გვაქვს ვაჭრობა. მართალია, ქუჩაში ვიდექით წვიმასა და უბედურებაში, მაგრამ რაღაც შემოსავალი მაინც გვქონდა, დღეს ისიც აღარ გვაქვს, რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენი პატრონი არავინ არ არის“, – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.


დედაქალაქის ქუჩებს თბილისის მერია აკონტროლებს

წლების განმავლობაში დედაქალაქში გარევაჭრობა რამდენჯერმე აიკრძალა. მიზეზი ყოველთვის ერთი და იგივე იყო: მალფუჭებადი პროდუქციის ქუჩაში გაყიდვა, ანტისანიტარია, თბილისის იერსახის დამახინჯება. ყველა აკრძალვას თან ახლდა საპროტესტო ტალღა. რაღაც დროის გასვლის შემდეგ კი მოვაჭრეები კვლავ იკავებდნენ თბილისის ქუჩებს. დღეს ყველა ლოკაციას, სადაც გარემოვაჭრეები იდგნენ, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს და გარემოვაჭრეების გამოჩენისთანავე შესაბამის ზომებს იღებს, რომ მოვაჭრეებმა გარევაჭრობა ისევ არ „დააკანონ“.

                                                                                           გვანცა ბზიავა
ავტორის ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები