LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ბავშვს მანქანაში სპეციალურ სავარძელში არ ჩასვამთ, 40 ლარით დაგაჯარიმებენ

1641

საქართველოში მანქანით გადაადგილებისას, თუ ბავშვი უკანა სავარძელზე უფროსის კალთაში არ ზის, სავალდებულოა, სპეციალურ სავარძელში იჯდეს, ამის შესახებ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონშია ნათქვამი.

უკვე მრავალი წელია, სპეციალური საბავშვო სავარძლით მცირეწლოვნების გადაადგილება დასავლეთის ბევრ ქვეყანაშია სავალდებულო და ალბათ, ბევრმა თქვენგანმა არც იცის, რომ შესაბამისი რეგულაცია საქართველოშიც მოქმედებს.

საქართველოს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 26-ე მუხლის მე-6 ნაწილის   თანახმად,  12 წლამდე ბავშვის გადაყვანა აკრძალულია: მსუბუქი ავტომობილის წინა სავარძლით;  მოპედით ან  მოტოციკლით;  25 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე მცირე კვადროციკლით, მოტორიზებული ტრიციკლით ან კვადროციკლით, თუ, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე, შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება;

რაც შეეხება 3 წლამდე ბავშვს –  ამავე კანონის მე-7 და მე-8 ნაწილების თანახმად, მისი მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას. ასევე, ნებადართულია 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა, თუ იგი მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში ზის, იმ პირობით, რომ ამ მგზავრს მხოლოდ ეს ბავშვი უზის.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა   გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით (127-პრიმა მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილი).

ევროპის ქვეყნებში, მძღოლს უფლება აქვს, 12 წლამდე ასაკის ბავშვი ავტომობილით ატაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისთვის სალონის უკანა სავარძლებზე დამონტაჟებულია ბავშვის სპეციალური სავარძელი. ეს მოთხოვნები კი, უბრალოდ, არ ჩამოყალიბებულა. უმნიშვნელო შეჯახების შემთხვევაშიც კი ბავშვმა შესაძლოა სერიოზული ტრავმა მიიღოს.  

„ჩემი სამი წლის ბავშვი მუდმივად გვიზის სპეციალურ სავარძელში, რომელიც მძღოლის უკან სავარძელზე გვაქვს დამაგრებული. მგონია, რომ ბავშვი ასე ბევრად დაცული იქნება, თუ რამე მცირე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდება,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ გვანცა ლატარია.

 

„სიამოვნებით ჩავსვამდი ბავშვს სავარძელში, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ფასის გამო მისი შეძენა და ამიტომ, მირჩევნია, მუდმივად უკანა სავარძელზე ვიჯდე და ბავშვი კალთაში მყავდეს,“ – განაცხადა ნინო შუბითიძემ.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოში საბავშვო სავარძლის გამოყენების პრაქტიკას მშობლები ნაკლებად მიმართავენ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევბაში უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ავტომობილში ბავშვია, პასუხისმგებლობაც დიდია.

 

სალომე კვარაცხელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები