LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გვინდა, ბიძინა დამარცხდეს, გუნდია საჭირო და არა ჯოგი,რომლის ყოჩიც სხვა ქვეყანაშია – ჩერგოლეიშვილი

79

თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გახლეჩვა ხელს არავის აძლევს, თუმცა მტკივნეული რეფორმის გატარება პარტიაში აუცილებელია, ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქზე” წერს.

“ფართოდ უნდა გავაღოთ თვალები დიდი სურათის დასანახად და გაითვალისწინოთ, რომ ამ ქვეყანაში პირადად მიშას მხარდამჭერი გაცილებით, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ბიძინათი უკმაყოფილო ამომრჩეველი. არჩევნების მოსაგებად 900000 ხმა გვჭირდება. ეს არის ასე – ესაა რეალობა.

ძალიან კარგად მესმის ენმ-ის გახლეჩვის პერსპექტივით გამოწვეული შიში, არავის აწყობს გახლეჩვა. არც არავინ ხლეჩს ჩემი დაკვირვებით, გარდა იმ ადამიანისა, რომელსაც ბიძინას დამარცხება სულ არ ანაღვლებს, თუ ოლიგარქის მარცხის შედეგად 2012 წლამდე არსებული ვითარება არ დაბრუნდა და იგივე მასშტაბის ძალაუფლება არ მოიპოვა.

მაგრამ კიდევ უფრო დამაზიანებელია გახლეჩვის შიშით ჭაობში ჩაძირვა.

თუ ამოცანა ბიძინას დამარცხებაა და არა პიროვნების კულტის ჩრდილში მარგინალურ, რეაქციულ ძალად ქცევა, ენმ-ში დაწყებული მტკივნეული რეფორმა ბოლომდე უნდა მივიდეს. თუ პარტია ვერ დაუძვრა წარსულის ტყვეობას და შუა გზამდე მისული რეფორმა ჩავარდა, პროგრესულმა, ფართო ამომრჩეველზე და რეფორმაზე ორიენტირებულმა ხალხმა ახალი ძალა უნდა შექმნან. რასაკვირველია ეს იქნება უფრო რთული, მაგრამ ამის გარეშე არაფერი გამოვა.

რეალობას მოწყვეტილი ლიდერების შანტაჟით ბიძინას ვერ დავამარცხებთ. ერთიანობა გამარჯვებისთვისაა საჭირო და არა დამარცხებისთვის. თუ გვინდა ქვეყანამ მოიგოს და ბიძინა დამარცხდეს გუნდია საჭირო – გუნდი, სადაც ბევრი ტვინია და არა ჯოგი, რომლის ყოჩიც სხვა ქვეყანაშია, სხვა ქვეყნის მოქალაქეა და საკუთარი სურვილითვე – სხვა ოპოზიციურ პარტიას უდგას საათავეში.

და ბოლოს, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ენმ-ში დაწყებული თვითგამორკვევის პროცესი, ქვეყნისთვის იქნება ბევრად უკეთესი. კრილოვის ცნობილი იგავის მდგომარეობაში მყოფი ძალა ტვირთს ადგილიდან ვერ დაძრავს. რაც ქვევით გექაჩება, სჯობს ჩაიხსნა, რომ ზევით წახვიდე – უბრალოდ გონება და ძალაა საჭირო, რომ ქარმა არ წაგიღოს. გონება გვაქვს, ძალა კი პრინციპების გარშემო ერთობაშია.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები