LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საქართველოში გინდა ცხოვრება, ისწავლე ქართული ენა – რა რეგულაციები უწესდებათ უცხოელებს

ქართული ენის ცოდნის გარეშე უცხოელებზე საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა შესაძლოა, აღარ გაიცეს – კანონპროექტის ავტორი საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაა“.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, ქართული ენის ცოდნის გარეშე უცხოელებზე საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა შესაძლოა, აღარ გაიცეს – საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში შრომითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვების, ასევე არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტი მოიწონა და მის პრინციპებს მხარი დაუჭირა. კენჭისყრა კი, მომდევნო სხდომაზე გაიმართება.

“საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლში ცვლილებების შეტანას. კერძოდ, ცვლილება შედის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც დარეგულირდება უცხოელებისთვის შესათავაზებელი სპეციალობების/პროფესიების ნუსხა დასაქმების მიზნით.

აღნიშნულ ნუსხას დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და მისი შეთავაზება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი შრომითი კონტრაქტის მიღების სურვილს არ გამოთქვამს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე. ასევე, ცვლილება შედის „ზ“ ქვეპუნქტში, რომელიც ამკაცრებს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წესს. კერძოდ, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა აღარ მოხდება მხოლოდ 6 წლის განმავლობაში არსებული ცხოვრების დროებითი ნებართვის საფუძველზე. დამატებითი მოთხოვნის სახით ემატება სახელმწიფო ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე, საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია ან საკუთრება მინიმუმ 200 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

კანონპროექტის მიხედვით, ასევე ცვლილება შედის „თ“ ქვეპუნქტში, რომელიც ამკაცრებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემას. კერძოდ, საინვესტიციო ვიზის მიღება შესაძლებელი გახდება შემდეგ ორ შემთხვევებში: თუ ინვესტორი შეიძენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ არანაკლებ 400 000 აშშ დოლარის ღირებულების ექვივალენტით ლარში ხუთწლიანი ვადის მქონე სახაზინო ფასიან ქაღალდს და განახორციელებს 100 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში ინვესტიციას ან თუ ინვესტორი განახორციელებს არანაკლებ 300 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში ინვესტიციას (ეს არ უნდა იყოს საცხოვრებელი სახლის შეძენა) და მუდმივ სამუშაოზე დაასაქმებს საქართველოს არანაკლებ 8 მოქალაქეს. ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის გაუქმებას, რომელიც გულისხმობს მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტის გაუქმებას,” – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

“ფორტუნა” ესაუბრა პარლამენტის წევრს სალომე სამადაშვილს, რომელმაც ჩვენთან განმარტა ინიციატივის საჭიროება და მისი როგოცრ დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.

„აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ გასული 6 წლის მანძილზე სტატისტიკა აჩვენებს, რომ უკიდურესად, ანუ ძალიან მკვეთრად გაიზარდა ქვეყანაში მუდმივი საცხოვრებელი უფლების გაცემა უცხოელებზე, ასევე, შრომითი უფლების გაცემა უცხოელებზე და საზოგადოებას გაუჩნდა შეშფოთება ამ საკითხის მიმართ,“ – განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

მისი განცხადებით, პრობლემა ნამდვილად არსებობს და ამას ადასტურებს ხელისუფლებაც.

„ის, რომ პრობლემა არსებობს აღიარა მმართველა გუნდმაც, რომელმაც საკუთარი ცვლილებები შემოიტანა აღნიშნულ კანონპროექტში, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი ცვლილებები ვერ დაარეგულირებს იმ პრობლემებს, რომლებიც დგას და ამიტომ საკუთარი ინიციატივით გამოვედით,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კანონპროექტის მიხედვით, საუბარია ქართული ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნაზე, აღნიშნავს რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას პარლამენტარი.

„ეს არის ელემენტარულ დონეზე სახელმწიფო ენის ცოდნა, ეს უნდა შემუშავდეს უკვე ლინგვისტების მიერ შესაბამისი სერთიფიკატივით უნდა გაიცემოდეს,“ – ამბობს სამადაშვილი.

აღსანიშნია ამ მხრივ უცხოეთის გამოცდილება. ევროპულ სახელმწიფოებში ძალიან აქტიურად გამოიყენება მსგავსი პრატქიკა. ლატვიას, პოლონეთს, ესპანეთს, ავსტრიასა და მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებს აქვს მსგავსი მოთხოვნა, რომ ელემენტარულ დონეზე იცოდე მათი ენა თუ რა თქმა უნდა, მუდმივი ცხოვრების ან შრომითი უფლების ნებართვის მიღება გსურს.

„თუ ადამიანს უნდა, რომ მუდმივი ცხოვრების უფლება მიიღოს საქართველოში, ანუ ეს რას ნისნავს, რომ მას სურს თავისი ცხოვრება დაუკავშიროს ქვეყანას და რა თქმა უნდა, ელემენტარული სიტყვების ცოდნა პრობლემას არ წარმოადგენს ნამდვილად. ვფიქრობ, რომ მათაც დაეხმარება, თუ იარსებებს ერთის მხრივ, მოთხოვნა და მეორეს მხრივ, ჩვენც ხელი უნდა შევუწყოთ, ანუ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ამის შესაბამისი პროგრამა, რომ დაეხმაროს უცხოელებს, ვინც აქ არიან, რომ შეისწავლონ ელემენტარულ დონეზე ქართული ენა და ეს თავის მხრივ უცხოელებისთვის არის განკუთვნილი, როგორც საშუალება, რომ მათ ნაკლები პრობლემა შეექმნათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს აღნიშნულ ინიციატივას.

„ამ კანონპროექტით, რა თქმა უნდა, გართულდება უცხოელებისთვის შრომითი უფლების აღება, ეს არ იქნება ისეთი მარტივი როგორიც დღეს არის, დასაბუთება დასჭირდება ამ ადამიანს, რომ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, ის, რომ დამსაქმებელს სჭირდება აღნიშნული კადრი, ანუ სხვადასხვა მიდგომებია ამ მხრივ. ეს ჩვენი ლეგიტიმური უფლებაა, რადგან ნებისმიერი სახელმწიფო იცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს, შრომით უფლებებს მათ შორის და ვთვლი, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს იმ პოზიციას, რომ თუ სამუშაო ადგილი იქმნება ჩვენს ქვეყანაში, უნდა განვიხილოთ პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე თუ არსებობს შესაბამისი კვალიფიკაციის, ვისაც შეუძლია მუშაობა და თუ არ შეუძლია(თ) ან რაღაც სხვა მიზეზებია, რატომაც უცხოელის დასაქმებაა საჭირო ამ პოზიციაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნება შრომითი უფლების გაცემა შესაბამის ადამიანზე,“ – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ნუცა სალუქვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები