LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვინმეს კონსტიტუციის გაუარესება დასჭირდება, 113 ხმა ექნება, შეცვლა შეეძლება – ირაკლი კობახიძე

59

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებით, თუ ვინმეს კონსტიტუციის გაუარესება დასჭირდება, ამისთვის მას დასჭირდება 113 ხმა და შეიძლება, შეცვალოს კონსტიტუცია.

მისივე თქმით, ახალი დოკუმენტით მთელი რიგი საკითხებია გამოსწორებული, მათ შორის მთავრობისა და პრეზიდენტის კომპეტენციებია გამიჯნული, რათა “ქვეყანას თავი საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ აღარ მოეჭრას, რაც უკვე მოხდა”.

„თუ მოვა ახალი ხელისუფლება, რომელიც გადაწყვეტს, რომ გააუქმოს პროპორციული საარჩევნო სისტემა და შერეულ სისტემას დაუბრუნდეს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, ცვლილებები შევიდეს ამ დოკუმენტში. ან თუ ვინმე გადაწყვეტს იმას, რომ ოპოზიციას აღარ მისცეს საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება, მაშინ ასეთი ცვლილებებიც შეიძლება, განხორციელდეს. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ პრემიერმინისტრი არ უნდა მივიდეს პარლამენტში ანგარიშის ჩასაბარებლად, ესეც შეიძლება, გახდეს ცვლილებების საგანი. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ პარლამენტს აღარ უნდა შეეძლოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, როგორც აქამდე იყო, აქაც შეიძლება, შეიცვალოს კონსტიტუცია. თუ ვინმეს დასჭირდება კონსტიტუციის გაუარესება, ამისთვის მას დასჭირდება 113 ხმა და შეიძლება, შეცვალოს. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ეს არის ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა და, რომელიც უზრუნველყოფს კომპეტენციების მკაფიო გადანაწილებას ხელისუფლების შტოებს შორის. ჩვენ არაერთხელ შეგვექმნა პრობლემა მთავრობისა და პრეზიდენტის კომპეტენციების ვერგამიჯვნის კუთხით – გახსოვთ, რომ თავი მოგვეჭრა ყველას ერთად, როდესაც პრეზიდენტი და მთავრობა ვერ შეთანხმდნენ, თუ ვის უნდა მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმების დოკუმენტზე. ჩვენ სწორედ ამის მოწესრიგება გვინდოდა, რომ თავი არ მოეჭრას ქვეყანას იმის გამო, რომ კონსტიტუცია რაღაცეებს მკაფიოდ არ მიჯნავს ერთმანეთისგან,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები