LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვინმეს როლს დავასახელებდი, დავასახელებდი ბახტაძისას და არა კვირიკაშვილის – ბიძინა ივანიშვილი

40

7,5%-იანი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი ეფექტური საგადასახადო პოლიტიკა იყო, რაშიც მამუკა ბახტაძემ უფრო მეტი როლი ითამაშა, ვიდრე ორ წელიწადნახევარში კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა ერთად, ვინც ეკონომიკას მართავდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

„თუ გავიხსენებთ, ეს იყო დღგ-ს სწრაფი დაბრუნება. ფული სწრაფად დაბრუნდა ეკონომიკაში. რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს პროცესი ნელ-ნელა დაწყებული იყო, რომ დღგ-ს  გადამხდელებს რაც შეიძლება, სწრაფად დაუბრუნდეს, მაგრამ ასეთი სწრაფი დაბრუნება, რაც ბოლო 5-6 თვის განმავლობაში გაკეთდა, შეიძლება, რამდენიმე წელიწადში არ მომხდარა. 7,5%-ზე გავლენა მოახდინა, მათ რიცხვში, ეკონომიკაში დღგ-ს სწრაფმა დაბრუნებამ და დამატებითი ფულის გაჩენამ. რა თქმა უნდა, აქ კვირიკაშვილის როლიც არის, მაგრამ არა განსაკუთრებული,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ეკონომიკის სწრაფი ზრდა სხვადასხვა ფაქტორებმა გამოიწვია, რაშიც გიორგი კვირიკაშვილის განსაკუთრებული როლი არ ყოფილა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ბევრი ოპონენტი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა საოცრება მოახდინა, რადგან ეკონომიკის 7,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ ის გადადგა, რადგან აიძულეს.

„ბევრი ოპონენტი ცდილობს, ეს მე მომაწეროს, რომ კაცმა საოცრებები მოახდინა და ამ დროს, აიძულეს და წავიდა. რა თქმა უნდა, სიტყვა აიძულეს შეიძლება, ლეგიტიმური არ იყოს,  თუმცა, ამის გამორიცხვაც არ შეიძლება. მან ნახა, როგორც ხდებოდა, კითხვებს პასუხები ვერ გასცა და პრაქტიკულად, არჩევანი არ ჰქონდა,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში შესვლაა, რამაც თავისი ეფექტი იქონია, მაგრამ ამაში კვირიკაშვილის განსაკუთრებული როლი არ ყოფილა.

„ევროკავშირი ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ამავდროულად, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში შევედით. ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის პროცესში კვირიკაშვილის დამსახურება განსაკუთრებული არ არის. თუმცა, მას თავისი წვლილი ჰქონდა. კვირიკაშვილს არავითარი განსაკუთრებული წვლილი არ აქვს მითუმეტეს, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში გადასვლაში. უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ამაში ვინმეს განსაკუთრებული წვლილი აქვს, აქ ისევ ბახტაძე შემიძლია გავიხსენო, დღევანდელი პრემიერი, რომელიც მაშინ რკინიგზას კურირებდა და იმის შემდგომაც, როცა ფინანსთა მინისტრი გახდა. თუ ვინმეს როლს დავასახელებდი, დავასახელებდი ბახტაძისას და არა კვირიკაშვილის,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკის 7,5%-იანი ზრდის კიდევ ერთ მიზეზად მოგების გადასახადის გაუქმება დაასახელა, რისი ავტორიც გიორგი კვირიკაშვილი იყო, მაგრამ როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ ფორმით, რა ფორმითაც კვირიკაშვილი მოგების გადასახადის გაუქმებას ცდილობდა, მიუღებელი და შეუძლებელი იყო.

„პირველ ეტაპზე, მე ამაში ჩავერიე, რადგან ეს მიუღებელი და შეუძლებელი იყო. უნდოდათ ბიუჯეტი, მოგების გადასახადის ნაცვლად, დღგ-თი შეევსოთ. კვირიკაშვილს მოგების გადასახადიდან ბანკების გათავისუფლებაც პრინციპულად სურდა, რაც დაანგრევდა კიდეც ბიუჯეტს იმ ფორმით, რაც კვირიკაშვილმა შემოგვთავაზა. შეხვედრის დროს, ამაზე მის მიმართ, მათ რიცხვში, საყვედური და შენიშვნაც გაისმა, რომ ასეთი ეფექტი არ იქნებოდა და არა თუ ეფექტი, უკუეფექტს მივიღებდით. არ შეიძლებოდა და არც მივეცით საშუალება, ბანკები მოგების გადასახადიდან გათავისუფლებულიყვნენ, რაშიც ისევ ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ითამაშა როლი. კვირიკაშვილის მთავრობაში ასე იყო დადგენილი, რომ ეს 2019 წლიდან უნდა მომხდარიყო, მაგრამ 2024 წლამდე გადასწიეს, რამაც გარკვეულ წრეებში გარკვეული განაწყენება გამოიწვია, მაგრამ ეს აუცილებელი იყო, რადგან ბანკების მოგებიდან გათავისუფლება, ისედაც მძიმე სიტუაციას ეკონომიკაში ბანკებთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გაამკაცრებდა და ბიუჯეტი ძალიან გაჭირდებოდა,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები