LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ზურა ჯაფარიძე მარიხუანას დათესავს, დაიჭერენ – იურისტი

108

არსებული ნარკოპოლიტიკის მოქმედების შემთხევაში მოქალაქეებს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას დარგავენ, კანონის გათვალისწინებით, 6-დან – 12 წლამდე პატიმრობა, შესაძლოა, დაემუქროს.

ამის შესახებ რადიო ”ფორტუნას” ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა გურამ იმნაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ეს ქმედება დღევანდელი კანონმდებლობით ისჯება და სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. სასჯელის ზომა კი ფაქტის განხორციელების ფორმაზეა დამოკიდებული.

”თუ ეს ქმედება იქნება ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, სასჯელი შეიძლება იყოს 4-დან -7 წლამდე. ხოლო, თუ განსაკუთრებით დიდი ოდენობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სასჯელი შეიძლება იყოს 6–დან-12 წლამდე. როგორც განცხადებაში იყო საუბარი, ამას, შეიძლება, ჰქონდეს ფართომასშტაბიანი ფორმა. ყველა შემთხვევაში, არსებული კანონმდებლობა სამართალდამცავებს აძლევს შესაძლებლობას და მეტიც, ვალდებულებას, რომ ასეთი ქმედებები აღკვეთონ. ეს ჰგავს ერთგვარ პოლიტიკურ მსხვერპლს და ისინი სასწორის მეორე მხარეს დებენ თავისუფლებას,” – აღნიშნა იმნაძემ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის შენიშვნაში ვკითხულობთ: ”ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით”.

გურამ იმნაძის განმარტებით, ეს რეგულაცია ”გირჩზე”, როგორც იურიდიულ პირზეც, შესაძლოა, გავრცელდეს, თუმცა ეს დამოკიდებულია კონკრეტულად რა ფორმით გადაწყვეტს ჯაფარიძე მარიხუანის დათესვას.

რას იზამენ სამართალდამცველები?

როგორ მოიქცევა შს სამინისტრო, თუ ”გირჩის” წევრები მარიხუანას საჯაროდ, პირდაპირ ეთერში დათესავენ, უწყებაში კონკრეტული კომენტარისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით გათვალისწინებული ზომების შესაბამისად იმოქმედებს.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს პოლიტიკური ცენტრ ”გირჩის” წევრები იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ მეცხრე მოწვევის პარლამენტი და ახალი მთავრობა ახალ წლამდე არსებული ნარკოპოლიტიკას არ შეცვლის და მარიხუანას ლეგალიზაციას არ განახორციელებს.

”გირჩი” 31 დეკემბერს, 23:59 საათზე, საკუთარ ოფისში, სხვა სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად მარიხუანას საჯაროდ დათესვით დაიმუქრა.

პოლიტიკურ ცენტრში იციან, რომ ამ ქმედებით სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს არღვევენ, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 12 წლამდე ითვალისწინებს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არც მათ სურთ ცხოვრების რამდენიმე წლის პატიმრობაში გატარება, თუმცა, „გირჩისთვის“ ეს არის პოლიტიკური აქტი და თავისუფლებისთვის პოლიტიკური ბრძოლის კონკრეტული გზა.

ავტორი ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები