LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის საელჩო – C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით თურქეთშიც იგივე ტიპის მედიკამენტები გამოიყენება, რაც საქართველოში

143

თურქეთის საელჩო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც თურქეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთშიც C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით იგივე ტიპის მედიკამენტები გამოიყენება რაც საქართველოში.

„თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც სხვა დარგებში, ჯანდაცვის სფეროშიც ძალიან წარმატებით თანამშრომლობენ. გასულ კვირას, საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი ეიუფ გუმუში. ვიზიტის დროს, იგი შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, მინისტრის მოადგილეს ჯანდაცვის დარგში, ქალბატონ მაია ლაგვილავას. შეხვედრაზე, მათ განიხილეს ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოვების შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. თურქეთშიც C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გამოიყენება იგივე ტიპის მედიკამენტები. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის ჯანდაცვის სისტემის, თურქეთში სამკურნალოდ ჩასული ქართველი პაციენტების დიაგნოზისა და მკურნალობის, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე დავეყრდნოთ მხოლოდ კომპეტენტური უწყებებისა და პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და უგულვებელვყოთ არასპეციალისტების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

სტატიას წერილით გამოეხმაურა კლინიკა „ფლორანს ნაითინგეილ“. წერილში აღნიშნულია, რომ როგორც გაირკვა, საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე გაკეთდა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებები, ხოლო თავად განცხადების ავტორს არ გააჩნია უწყებრივი კავშირი მოცემულ კლინიკასთან. საავადმყოფო შეწუხებულია იმის გამო, რომ მათმა სახელმა გაიჟღერა ამგვარ კონტექსტში.

 

შეგახსენებთ, რომ fortuna.ge-მ ქალბატონი მალინა ბერეკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული რამდენიმე მოსაზრების შემდეგ მას ინტერვიუსთვის მიმართა, სადაც მან, საკუთარი სურვილით, ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე ცე ჰეპატიტის პროგრამას და აღნიშნა, რომ მათთან კლინიკაში ხვდებიან პაციენტები, რომელთაც განუვითარდათ სიმსივნე ცე ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობის შემდეგ.

მოგვყავს ციტატა ინტერვიუდან:

„კიდევ ერთ პრობლემაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ეს არის C ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ვინც ამ პროგრამით მკურნალობს, წელიწადნახევრის, ორი წლის თავზე ჩვენთან სიმსივნის დიაგნოზით ჩამოდიან. ორგანოების გადანერგვით ვინც გადარჩა, გადარჩა, სხვები გარდაიცვალნენ, ზოგს ოპერაციამ ვერ უშველა… მანამდე ამ ადამიანებს არ ჰქონიათ სიმსივნე და ამ მკურნალობის შემდეგ განუვითარდათ. ყოველ შემთხვევაში, ანალიზები ასე აჩვენებს და კვლევა იყო არასწორი? არ ვიცი, პროგრამის წამლები იწვევს პროვოცირებას?!. ამ პროგრამის წამლებს თურქეთშიც სვამენ და სიმსივნის დიაგნოზით შემდგომ არავინ მოდის ჩვენთან“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები