LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა

81

ღაზას სექტორის საზღვარზე, ისრაელის სამხედროებთან შეტაკებისას დაღუპული პალესტინელების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, თურქეთმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა. თურქი მაღალჩინოსნის თქმით, იერუსალიმში საელჩოს გახსნით, აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია დაარღვია.​

„ეს დღე ისტორიაში შევა, როგორც „სისხლიანი ორშაბათი“ მუსლიმებისთვის და ისლამური ქვეყნებისთვის,“ – განაცხადა ბოზდაგმა.

ვიცე პრემიერის თქმით, თურქეთმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის რიგგარეშე სხდომა მოიწვია, რომელიც 18 მაისს გაიმართება.

„იერუსალიმის ისტორიული და სასულიერო სტატუსი არასდროს შეიცვლება. როგორც ადრე, იერუსალიმი მომავალშიც დარჩება დამოუკიდებელი პალესტინის დედაქალაქად,“ – აღნიშნა ბოზდაგმა.

იერუსალიმში, 14 მაისს აშშ-ის საელჩოს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ღაზას სექტორის საზღვართან ათასობით პალესტინელი შეიკრიბა. აშშ-ის დიპლომატიური მისიის თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს. პალესტინური ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოკლულია 59 ადამიანი, მათ შორის მოზარდები. დაშავებულთა რიცხვი 2 700-ს აღემატება, მათგან 130 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები