LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ანსამბლ “ლამპრების” წევრები საქართველოში დაბრუნდნენ

78

სამშობლოში გვიან ღამით დაბრუნდნენ თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ანსამბლ “ლამპრების” წევრები. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ბავშვებს მშობლები და ახლობლები ელოდნენ. მოზარდები თავს კარგად გრძნობენ, თუმცა მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

ამ დრომდე თურქეთის საავადმყოფოებში რჩება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული რამდენიმე პირი. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, მძიმეა ანსამბლის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის რეანიმაციაშია მოთავსებული. ასევე მძიმეა ანსამბლის ხელმძღვანელის მდგომარეობა, რომელსაც დაზიანება თავზე აქვს მიღებული. ერთ-ერთ მშობელს კი ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.

საქართველოში გამომგზავრებამდე, ანსამბლის დანარჩენ წევრებსა და თანმხლებ პირებს ტრაპიზონსა და გირესონში პირველადი დახმარებები ჩაუტარდათ. მათი ნაწილი დაკითხა პოლიციამაც.

საქართველოსკენ მათი გამომგზავრება საკონსულოდან მოხდა, სადაც დაშავებულები აჭარის მთავრობის წევრებმა მოინახულეს.

საზღვარი ანსამბლთან ერთად გადმოკვეთა აჭარის მთავრობის მეთაურმა. როგორც ზურაბ პატარაძემ განაცხადა, დაშავებული ექვსი პირის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი თურქეთში, სხვადასხვა კლინიკაში  იმყოფებიან.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, გამთენიისას, ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. “ერისიონთან” არსებული საბავშვო ცეკვის ანსამბლი ბულგარეთში ფესტივალზე მიდიოდა. ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

მომხდარის მიზეზებს სამართალდამცველები იკვლევენ.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები