LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუილია, რომ „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულები ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდნენ – პროკურატურა

82

„ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული პირები თითქოს ჰყიდდნენ ციტრამონს და პარაცეტამოლს, არის ტყუილი,“ – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში აცხადებენ.

უწყების ცნობით, ადვოკატების შესაბამისი განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„ყველა დაკავებული პირისგან, საკონტროლო შესყიდვებისას და შემდგომში ჩხრეკის დროს, ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, რაც დადასტურებულია ჩატარებული ექსპერტიზებით და საქმის მასალები სრულად აქვს გადაცემული დაცვის მხარეს. ამასთან, რამდენიმე ბრალდებულთაგან ნარკოტიკული საშუალებების გარდა, ასევე, ამოღებულია არანარკოტიკული მედიკამენტები და მათ მფლობელებს ბრალი არ წარდგენიათ,“ – განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატების ინფორმაციით, რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში დადასტურდა, რომ ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა.

როგორც ადვოკატებმა „ფორტუნას“ განუცხადეს, ციტრამონი და პარაცეტამოლი მტკიცებულების სახით არის ამოღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები