LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბნური „რასიზმი“,  „კაი ბიჭობა“ და  „ქუჩის აკადემია“  –  რას ყვებიან თბილისურ დაპირისპირებებზე

 „დღეს ის 15 ბავშვი თანატოლების თვალში ავტორიტეტებად მივლენ სკოლაში,  თან სიტყვა ეთქმით – პოლიციაში არ ჩაუშვეს სხვები. იქნებ, ვინმემ 51-ე და 53-ე სკოლის დამეგობრებაზე იზრუნოს. წლებია, ამ ორ სკოლას შორის გარჩევებია,“ –  53-ე და 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებაზე სოციალურ ქსელში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ აქტიურად წერენ.  

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 51-ე სკოლელია, ბავშვობის ინციდენტს იხსენებს.

 „მე ვსწავლობდი 51-ე საშუალო სკოლაში და ორჯერ ვარ ნამყოფი 53-ე სკოლის მოსწავლეებთან  გარჩევაზე  და  ჩხუბზე. ერთ-ერთი ჩხუბის დროს ფეხი გამიჩხაპნეს ე.წ “შპიცით,“ – წერს სააკაშვილი.

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ირკვევა,  რომ პრობლემა, რომელიც საზოგადოებამ ტრაგიკული ფაქტის შემდეგ შეიტყო, სკოლებს შორის თაობებია, გრძელდება. მენტალობა და სოციუმი, როგორც დანაშაულის ხელშემწყობი ფაქტორი, არამარტო ხსენებულ ორ სკოლას შორის,  არამედ თბილისის მასშტაბითაც არაერთხელ გამხდარა დაპირისპირების საბაბი.

51-ე სკოლის ყოფილი დირექტორი, დავით ლაგვილავა, იხსენებს,  რომ ქუჩურ დაპირისპირებებში არამარტო 51-ე და 53-ე  სკოლების, არამედ მთაწმინდის, სოლოლაკის და თბილისის, თითქმის, ყველა უბნის მოსწავლეები იყვნენ ჩართული.  

„სკოლებს და სხვადასხვაუბნელ მოზარდებს შორის ქუჩურ- კრიმინალური გარჩევები ხშირი იყო და მანდატურის სამსახურის შემოღებაც სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ისახავდა მიზნად. სკოლებში მანდატურის სამსახურის დანერგვიდან  ერთ წელში მსგავსი გარჩევები აღმოფხვრილი იყო. დღეს სისტემა მოშლილი , ქუჩური მენტალიტეტი კი კვლავ წახალისებულია,“  – ამბობს 51-ე სკოლის ყოფილი დირექტორი.

თბილისის სხვადასხვა უბნის ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების ფესვებზე საუბრობს „ფორტუნასთან“ მწერალი ლაშა ბუღაძე.

მისი თქმით, უბნური რასიზმის“ მახინჯი ტრადიცია ახალ თაობას მამებიდან,  ოჯახიდან გადმოეცა და  მსგავსი ტრაგედიების საფუძველი ხდება.

„უბნებსა და სკოლებს შორის ე.წ. საქმის გარჩევებმა არაერთი 15-16 წლის ახალგაზრდა შეიწირა თბილისში.  ერთ მკვლელობას შურისძიების და ვენდეტების მთელი სერია მოჰყვებოდა,  შურს იძიებდნენ უბნელები, მეგობრები,  მერე იმათი მეგობრები და ა.შ. შემდეგ ტრადიციულად მკვლელს გადამალავდნენ მამები და ამით ხელს უწყობდნენ დამნაშავის კიდევ  უფრო საშიშ დამნაშავედ ჩამოყალიბებას.

„უწყვეტი ჯაჭვი დღესაც გრძელდება და ამაში საზოგადოებასთან ერთად სკოლაცაა დამნაშავე. მე ვიცი მასწავლებლები,  რომლებიც ბიჭების საქმის გარჩევას გაგებით ეკიდებოდნენ,  „გავიდნენ ბიჭები,  მოგვარდებიან“ ან „ მთელი წელი არ ივლის , მოვა ბოლოს და ჩამაბარებს მაინც“ –  არდასწრების და მაინც „კაიბიჭობის“ წახალისება. 

„ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც არსებობს ტერმინი „ქუჩის აკადემია“ , რომელიც არის სიმახინჯის, უსაქმურობის ადგილი . „ბირჟავიკები“, რომლებიც  ჩემს ბავშვობაში ბირჟაზე იდგნენ, დღესაც იქ არიან სოკოებივით  და ზოგადად შეძლება, იურისტებმა დამცინონ,  მაგრამ ბირჟის კრიმინალიზება უნდა მოხდეს. ბირჟაზე  არაფერი, კრიმინალურის გარდა,  არ იბადება,“  – ამბობს ლაშა ბუღაძე.  

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სამართალდამცველი უწყებებისთვის პრობლემად იქცა დანაშაულის შემსწრე პირებთან ურთიერთობაც, რაც დამნაშავის გამოვლენას მნიშვნელოვნად აფერხებს.

ძალოვანი უწყებების ინფორმაციით, დაახლოებით, 150 ადამიანიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა უმრავლესობას არ სურს.  საზოგადოება გამოძიებასთან მსგავს დამოკიდებულებას სწორედ არასწორ მენტალიტეტს უკავშირებს.

 „გარდა იმისა, რომ მოზარდებსა და მათ მშობლებს შურისძიების შეიძლება, ეშინოდეთ, მენტალურად იგივე მახინჯი ქუჩის ტრადიციების მიხედვით, გამოძიებასთან თანამშრომლობა „ჩაშვებად“ ითვლება.  პოლიციისთვის რამის თქმის შემდეგ ეშინიათ მოზარდებს, „ჩამშვების“ იარლიყი არ მიაკერონ.  ამას ერთი-ორი ბლოგი,  ერთი- ორი სიუჟეტი და სტატუსი ვერ მოაგვარებს. ჯერ კიდევ არიან ბიჭები, რომლებიც ქურდობაზე ოცნებობენ; თინეიჯერი გოგონები, რატომღაც, გრიგორი ლეპსს უსმენენ. ეს პრობლემა ოჯახიდან,  მშობლებიდან მოდის. პრობლემა კომპლექსურია  და ახალი თაობის განათლებაზე,  პროგრამაზე,  სისტემის ძირეულ რეფორმირებაზე სახელმწიფომ  რესურსის დიდი ნაწილი უნდა დახარჯოს,“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“  მწერალი ლაშა ბუღაძე.

ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე  სკოლებსა და უბნებს შორის დაპირისპირებას უკავშირებს ადამიანის თვისებას,  დაყოს გარემოცვა „ჩვენიანებად და სხვა დანარჩენად“. თავადაც 51-ე  სკოლელი იხსენებს,  რომ მის თაობაში 51-ე და 53-ე სკოლა დამეგობრებული და საერთო „მტრის“ – 58-ე სკოლის წინააღმდეგ მებრძოლები იყვნენ.  

„დაპირისპირება არამარტო სკოლებს შორის, უბნებს შორისაც ხშირი იყო. მაგალითად, ატენელები და ყიფშიძელები, ვერელები და ვაკელები,  რომლებიც მხედრიონის დროს გაერთიანდნენ და საკმაოდ საშიშ ძალად იქცნენ. დაყოფა ჩვენიანებად და სხვა დანარჩენად ყველა ჯგუფში ხდება  – ერთ სკოლაში,  ერთ კლასში. დაპირისპირება კემბრიჯსა და ოქსფორდს შორისაც არის, მაგრამ  იქ შეჯიბრი სპორტულ და სხვა მიღწევებში აქვთ.  ჩვენთან ბირჟებზე უბნურ დაყოფას ხშირად მოჰყვებოდა მუშტი-კრივი.  ე.წ. ქუჩური  წესების შემოღებამ კი  სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა,“ – უყვება „ფორტუნას“ გაგა ნიჟარაძე.

ფსიქოლოგი პრობლემის მოგვარების გზად დაპირისპირებული სკოლების და ახალგაზრდების საერთო ინტერესების ირგვლივ   გაერთიანებას მიიჩნევს. 

სკოლების დამეგობრების და სხვადასხვა სპორტული თუ სოციალური აქტივობით ახალგაზრდების დატვირთვის აუცილებლობაზე საუბრობენ საზოგადოებაშიც. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ძალადობის  წინააღმდეგ მიმართულ არაერთი აქცია და კამპანია დაიგეგმა.

 

 

თამუნა გოგუაძე 

პოპულალურები