LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჩა ნანუაშვილი ჟურნალისტის სავარაუდო ცემის ფაქტს ეხმიანება

78

სახალხო დამცველი ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტის გიორგი გასვიანის სავარაუდო ცემის ფაქტს ეხმიანება.

უჩა ნანუაშვილს მიაჩნია, რომ თუკი არსებობს ვარაუდი ანდა კონკრეტული პირი უთითებს, რომ პოლიციელმა მის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, გამოძიების დასრულებამდე მისი უფლებამოსილების შეჩერება უნდა იყოს დამკვიდრებული პრაქტიკა.

„მსგავსი შემთხვევების გამოძიების მონიტორინგი სახალხო დამცველისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. აპარატის წარმოებაშია არაერთი საქმე, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო ძალადობას ეხება და შესაძლოა ვლინდებოდეს არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები. სამწუხაროდ, ხშირად მსგავსი საქმეების გამოძიება ჭიანურდება და არაეფექტურად მიმდინარეობს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი საქმე სასამართლოში წარიმართა, ჭიანურდება საქმის სასამართლოში განხილვაც.

იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს სამართალდამცავთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები და არ არსებობდეს განცდა, თითქოს მათ მიერ კანონის დარღვევა და ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება ადეკვატური რეაგირების მიღმა დარჩება, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ჩაატაროს ყოვლისმომცველი, სრული და ობიექტური გამოძიება და ძალადობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, უმკაცრესად დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც სამართალდამცველის სახელს ამოფარებული ახორციელებს ძალადობას, ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას, აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას,“ – აცხადებს ნანუაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები