LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნაური კანონპროექტები საქართველოში – ჯარიმები გრძნობებზე, ცხოველების სექსზე…

კანონები ნებისმიერ ქვეყანაში, წესრიგის შესანარჩუნებლად აუცილებელია.

თუმცა, ხშირია კანონები და ინიციატივები, რომლის მიზანი გაუგებარია, არსი კი უცნაური ან/და სახალისო.

ასეთი ინიციატივები საქართველოშიც მრავლადაა. „ფორტუნა“ მათგან რამდენიმეს გთავაზობთ, ზოგი მათგანი დაკანონებულია, ზოგი კი, უბრალოდ იდეის დონეზე რჩება.

უცნაური არ იქნება, თუ ამ სიის პირველ ადგილს, ბუსუსებიანი პრეზერვატივის აკრძალვა დაიკავებს.

 

ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვა

ლევან ბერძენიშვილი: „პრეზერვატივს გააჩნია… მას შეიძლება ჰქონდეს არა დაცვითი, არამედ სიამოვნების მიღების ფუნქციაც, თუ იგი გართულებულია გარკვეული ტექნიკური საშუალებებით”.

კობა დავითაშვილი: „არსებობს ორი სახის პრეზერვატივი, ერთი დაცვისთვის და მეორეს აქვს სექსუალური სურვილის დაკმაყოფილების ფუნქცია. აი, სწორედ ის ვერ გაიყიდება და ასეთი გაიყიდება”.

მსგავსი დიალოგებით, პარლამენტარები არასრულწლოვანთა კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ. ინიციატივა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტს, თამთა ჭუმბურიძეს ეკუთვნოდა, რომელმაც მოგვიანებით განმარტა, რომ კანონში ისედაც იყო აკრძალვა პრეზერვატივისა და სექსუალური ნივთების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაყიდვის შესახებ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს, ერთ-ერთი პირველი განსახილველი კანონპროექტი გახდა პარლამენტში.

2016 წელს პარლამენტმა ე.წ. ბუსუსებიანი პრეზერვატივების რეალიზაციასთან დაკავშირებით კანონპროექტი გაიწვია და მისი განხილვა მიზანშეუწონლად მიიჩნია.

 

სერიალების აკრძალვა

კობა დავითაშვილმა მოზარდთა დაცვის მიზნით, სერიალებისა და აზარტული თამაშების აკრძალვა მოითხოვა.

დეპუტატის აზრით, უნდა აკრძალულიყო ყველა ის სატელევიზიო გადაცემა თუ შოუ, რომელიც პოლიგამიურ, ჰომოსექსუალურ და ბისექსუალურ ურთიერთობებს უწევს პროპაგანდას.

ინიციატივამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

 

ტრადიციული სამოსი

ეროვნული სამოსის ჩაცმის ინიციატივა „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წევრმა ბიძინა გუჯაბიძემ წარადგინა. გუჯაბიძემ პარლამენტარებს საპროტოკოლო-საქმიანი სამოსის გარდა, სამსახურში ეროვნული სამოსით გამოცხადებისკენ მოუწოდა.

დეპუტატმა მაგალითი კოლეგებს თავად უჩვენა და რამდენიმე დღის შემდეგ პარლამენტში ჩოხაში გამოწყობილი მივიდა.

ბიძინა გუჯაბიძის ინიციატივას მხარი პირველივე მოსმენით დაუჭირეს, მიუხედავად ამისა, დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ პარლამენტს გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები აქვს განსახილველი და კანონმდებლები მსგავს თემაზე დროს არ უნდა ხარჯავდნენ.

ფულადი ჯარიმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის

ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, ნებისმიერი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ჯარიმას ითვალისწინებს.

მსგავსი კანონი ინიცირებულია ემზარ კვიციანის მიერაც, თუმცა მის მიერ შემუშავებულ პროექტში, გრძნობებს, წმინდანების შეურაცხყოფისთვის დასჯაც ემატება.

 

ჯარიმები ცხოველებთან მოპყრობაზე – ცხოველების შეჯვარების აკრძალვა

ჯარიმები შინაურ ბინადარ ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის წესების დარღვევაზე წესდება – ეს სრულიად ახალი ინიციატივაა და შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია.

ცვლილებები უამრავ უცნაურ რეგულაციას მოიცავს, მაგალითად:

ინიციატივის გათვალისწინებით, გარეული ცხოველების შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველებთან გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით ისევე, როგორც გენეტიკური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლება.

ვრცლად ცვლილებებზე წაიკითხეთ ლინკზე: http://old.fortuna.ge/shinaur-ckhovelta-uflebebisa-da-ketildgheobis-wesebis-darghvevaze-jarimebi-wesdeba/

ცხოველებთან და მათ შორის სექსის აკრძალვა

ფოთის საკრებულოს მიერ მიმდინარე წლის 30 მაისის სხდომაზე მიღებული დადგენილებით, ძაღლებთან, კატებთან და სხვა შინაურ ცხოველებთან სქესობრივი აქტი (ზოოფილია) სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება, რაც შესაბამის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ასევე, იკრძალება მათთვის ჩლიქების ან ეშვების დამახინჯება და ა.შ.

დადგენილებაში საქილიკოს ვერაფერს ხედავს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია დარჯანია.

„ცხოველების წამების არა ერთი შემთხვევაა, სამწუხაროდ და უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს,“ – აცხადებს ის.

ანალოგიური დადგენილება მიღებული აქვს წყალტუბოს მუნიციპალიტეტსაც.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 5 ივნისს შინაური ცხოველების – ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესი დაამტკიცა.

დადგენილების მე-11 მუხლით საკრებულომ შინაური ცხოველების მოშენების ასაკი განსაზღვრა, კერძოდ, აკრძალა იმ ცხოველების გამრავლება, რომელთა ასაკიც ან 2 წლამდეა ან 6 წელს ზემოთ.

საზოგადოებაში ეს კანონი გაიგეს, როგორც „ცხოველებს შორის“ სექსის აკრძალვა. კანონით სექსი ამ ასაკში ნამდვილად აკრძალეს, თუმცა ცვლილება ეხება მხოლოდ იმ პირებს, ვინც სელექციური მოშენებითაა დაკავებული. კერძო პირებისთვის აღნიშნული შეზღუდვები არ მოქმედებს.

 

 

ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება

ამ კანონის არა შემოღებას, არამედ გაუქმებას ითხოვენ. საინტერესო კი მიზეზია, რომლის მიხედვითაც, კანონი ოჯახისა და საზოგადოებრივი მორალისთვის დამანგრეველია.

„ასეთი სამართლებრივი მიდგომა, არა თუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის. დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება, იმ ადამიანების სერიოზული დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს. „სექსუალური მრავალფეროვნების“ ხელშემწყობი, სხვადასხვა სახის ამორალური, წამახალისებელი ფსევდო ღირებულებები საზიანოა საზოგადოებისთვის და არაფერი აქვს საერთო, როგორც კაცობრიობის რეალურ ფუძემდებლურ ღირებულებებთან, ასევე ადამიანის ჭეშმარიტ, საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან. ისინი ეწინააღმდეგება ჩვენი პლანეტის ძირითადი რელიგიების ფასეულობებს და სწავლებებს,“ – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

 

დიეტა იძულებით

გუგული მაღრაძის თქმით, საჭიროა რეგულაციები ჭარბწონიანობის წინააღმდეგ, რადგან ის [ჭარბწონიანობა] გამოუსწრობელ ზიანს იწვევს.

მისივე თქმით, ის სიამოვნებით ჩაერთვებოდა საკანონმდებლო რეგულაციებში, რომელიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობის დონეს შეამცირებდა.

საზოგადოების აგრესიის შემდეგ, აღნიშნული ინიციატივა კანონპროექტის ეტაპზე აღარ გადასულა.

სიგარეტის აკრძალვა

გუგული მაღრაძის უკვე შესრულებული და დაკანონებული იდეაა თამბაქოს რეგულაციების გამკაცრება. ამ ინიციატივის არსში საქილიკო არაფერია, თუმცა მისი რამდენიმე ნაწილი, ალოგიკურია.

მაგალითად, კანონპროექტით, იკრძალება ჩილიმისა და ელექტროსიგარეტის მოწევა, ჩილიმ ბარშიც კი.

აღსანიშნავია, რომ კანონის ამოქმედებიდან მოკლე დროში, მის შემსუბუქებაზე საუბრობენ და შესაბამის ინიციატივებს განიხილავენ.

 

მანდილების შემოღება, ჩადრების აკრძალვა

ემზარ კვიციანის ნება რომ იყოს, მანდილის გარეშე ქართველ ქალებს სიარულს აუკრძალავდა.

თუმცა, ამასთან მასვე აქვს ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული იკრძალება.

 

თამთა უთურგაშვილი