LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფრო წინ წავალთ: ახალი ტაქტიკა და მოგება ჩეხეთთან (ვიდეო)

46

საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო თბილისის მერიის თასის გათამაშება. ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში ილიას ზუროსის გუნდს მეტოქეობას ამჯერად ჩეხეთის ნაკრები უწევს და გამარჯვებული 2 მატჩის ჯამში უნდა გამოვლინდეს.

საქართველოს ნაკრებმა 87:76 იმარჯვა და თუკი 13 აგვისტოს, ტურნირის მეორე და დასკვნით მატჩში 11-ქულიან უპირატესობას შეინარჩუნებს, თბილისის მერიის თასს დაეპატრონება.

ევრობასკეტამდე ყველა მატჩი მოსამზადებელია და სწორედ ამ კუთხით იყო შეხვედრა მოგებაზე მეტად მნიშვნელოვანი. მიმდინარე ციკლში ნაკრებში პირველად ითამაშა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც მოედანზე დიდ ხანს იმყოფებოდა ჩვენი გუნდის მეორე ნომინალურ ცენტრ გიორგო შერმადინთან ერთად. ამ ტაქტიკამ გაამართლა და საქართველომ მეტოქე ფარქვეშ დაჩაგრა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩეხეთს იან ვესელი და ანდრეი ბალვინი აკლდა და ნამატჩევს წაგების მიზეზად სწორედ ეს დაასახელეს.

ფაჩულიას, შენგელიას და შერმადინის შემჩერებელი ჩეხებში ვერავინ მოინახა. ილიას ზუროსმა კარგად გამოსცადა ეგრედ წოდებული “ორმაგი კოშკის” ტაქტიკა, როცა ორი ნომინალური ცენტრი ერთდროულად და ხანგრძლივად დგას მოედანზე. შერმადინი ცენტრი გახლდათ, ფაჩულია კი – თავდამსხმელი, რაც იდეალური ნაზავი გამოვიდა და ზაზასაც ბლომად პასები დაუგროვდა. ფაჩულიამ საბოლოოდ 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა (სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა), შერმადინი კი უმეტესწილად ამ პასების დამგვირგვინებელი იყო და პლუს დაზღვევაზე მათ შენგელია ჰყავდათ.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან კარგი ტესტი გაიარა და ასე იქნება 13 აგვისტოსაც, როცა ეს ნაკრებები მეორეჯერ შეხვდებიან ერთმანეთს და თბილისის მერიის თასის გამარჯვებულს გამოავლენენ.

 

https://www.youtube.com/watch?v=KVnvP4ONrMY

რონენ გინცბურგი, ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
ყოველთვის ძალიან მიხარია საქართველოში ჩამოსვლა, სადაც ბევრი ქართველია იქ ყოველთვის ძალიან კარგი განწყობაა. ასეა ისრაელშიც. როდესაც საქართველოს ნაკრების შემდაგენლობას გადახედავ, ხვდები რომ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. ჩვენ ძალიან ბევრი მოთამაშე გვაკლია, როგორიც მაგალითად ვესელია, ან ბაუდინი. საქართველო ერთერთი საუკეთესო ნაკრებია ევროპაში. ჩვენთვის ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა, რადგან ბევრი ახალგაზრდა გვყავს. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ევრობასკეტზე.

 

ილიას ზუროსი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
პირველ რიგში ტრადიციულად ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს გადავუხდი მადლობას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ასეთ ცხელ ზაფხულში. ჩვენ კარდინალურად განსხვავებული თამაში ვითამაშეთ, რადგან ვეთამაშეთ ისეთ კარგად გაწვრთნილ გუნდს, რომლის მსაგვსი მანამდე არ გვქონია. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თამაშით. ჩვენ ვცადეთ სხვადასხვა კომბინაცია, რომელიც ვარჯიშებზე არ გაგვივლია და აქამდე არ გამოგვიყენებია. სანამ ათენის ტურნირზე წავალთ, უნდა დავხვეწოთ და აღვმოვფხვრათ ის პრობლემები დაცვასა და შეტევაში, რაც დღეს გვქონდა. წინ კიდევ 20 დღე გვაქვს და ევრობასკეტამდე კარგად უნდა მოვემზადოთ. ჩვენი მთავარი მიზანი დაცვის გაძლიერებაა. სამწუხაროდ ევროპის ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება ბექა ბურჯანაძე. სამაგიეროდ დაგვემატება ილია ლონდარიძე, რომელმაც ვარჯიშებზე და მოსამზადებელ პერიოდზე ძალიან კარგად გამოიჩინა თავი და ვფიქრობ იმსახურებს შანსს.

ზაზა ფაჩულია, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი:
ვფიქრობ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ძალიან კარგი ნაკრები გვყავს. მთელი თამაშის განმავლობაში საკმაოდ დამაჯერებლად ვითამაშეთ. მთავარია გამარჯვება მოვიპოვეთ, თუმცა ვფიქრობ რომ მოედანზე უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო. განსაკუთრებით დაცვაში, დამერწმუნეთ, რომ კარგი დაცვა თამაშს გაგებინებს. გვაქვს ჩვენი სისტემა და ამ სისტემის მიხედვით ვმუშაობთ. ჩემთვის წელს ნაკრებთან პირველი თამაში იყო და რაც უფრო დრო გავა და მივუახლოვდებით ევრობასკეტს, უფრო წინ წავალთ და უფრო დაიხვეწება თამაშის ხარისხი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები