LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულავასა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო

39

გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება 2013 წელს დაიწყო და როგორც თბილისის ყოფილი მერი „კვირის პალიტრასთან“ ამბობს, მათ შორის საუბარი „ლამის ჩხუბამდეც კი მივიდა“.

„პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი ჯერ კიდევ 2013 წელს დადგა. მაშინაც მწვავედ დავუპირისპირდი სააკაშვილს, ჩვენი საუბარი ლამის ჩხუბამდეც კი მივიდა. ჩემი პოზიცია იყო, რომ კარგი იქნებოდა, თუ სააკაშვილი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს ინარჩუნებდა, მხოლოდ ქვეყნის პირველი პირის სტატუსით შემოფარგლულიყო, პარტიის ლიდერად კი სხვა კანდიდატურა აგვერჩია. გაცნობიერებული გვქონდა, რომ პროკურატურა ბრალდებების შეკერვით იყო დაინტერესებული და, ბუნებრივია, პარტიის ლიდერების დაკავებასაც ველოდებოდით. მიშას ვუთხარი, მთელ დარტყმას ავიღებთ ჩვენ, შენ კი იყავი პრეზიდენტი, ეს შენთვისაც პოლიტიკურად მომგებიანი პოზიცია იქნება-მეთქი. ჩემი პოზიცია აბსოლუტურად ნაკარნახევი იყო პირველ რიგში, მისი ინტერესებით – პარტია განახლების გზას დაადგებოდა და დარტყმასაც ჩვენს თავზე ავიღებდით, თუმცა მაშინ სააკაშვილისგან პასუხად არაადეკვატური რეაქცია მივიღე. ამ დაპირისპირების შემდეგ პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში კიდევ არაერთხელ დადგა. მათ შორის მაშინაც, როდესაც სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და მას საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნეს. ყოველ ჯერზე ეჭვები ტანჯავდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა”, – აცხადებს უგულავა. 

მისივე თქმით, 2013 წელს არავინ იყო ისეთი, „არაადეკვატური სააკაშვილისთვის ეთქვა, რომ ჩვენ მასზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა ვართ და ამიტომ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი“.

„დღეს უკვე ამის თქმა თამამად შემიძლია. სამწუხაროა, რომ სააკაშვილის დროსთან ადეკვატურად მოქმედების შინაგანი რესურსი არ ეყო. შედეგად – დღეს ”ნაციონალური მოძრაობაც” ერთი კაცის პარტია გახდა”, – აღნიშნავს უგულავა.

თბილისის ყოფილი მერის თქმით, სცადა სააკაშვილს დაკავშირებოდა, თუმცა ყოფილ პრეზიდენტს მასთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონდა და საუბარი „მიწერ-მოწერის დონეზე შედგა“.

„ჩემი ბოლო გზავნილი ასეთი იყო – ”ნაციონალური მოძრაობის” დანგრევასა და დაშლაზე პასუხისმგებელი ხარ შენ!” დანარჩენი პერსონალური საუბარი იყო”, – აცხადებს გიგი უგულავა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები