LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკონტროლო პიროტექნიკა – როგორ ვისროლოთ მაშხალა უსაფრთხოდ 

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ქუჩასა და  სადარბაზოებთან გავლა სულ უფრო საშიში ხდება. აფეთქებები, რომელიც თავს ბრძოლის ველზე გაგრძნობინებთ, ინტენსიური გახდა. აფეთქებაზე „პასუხისმგებლობას“ პატარა ბავშვები იღებენ,  საბრძოლო მასალა კი ქუჩაში გასაყიდად გამოფენილი პიროტექნიკაა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში არცერთი ახალი წელი არ დამდგარა პიროტექნიკით დაზიანებული პაციენტების გარეშე. მოზარდები იზიანებენ საკუთარ თავს, საფრთხეში აგდებენ თანატოლებს. გასულ წელს მოზარდებმა ასაფეთქებელი  მინის ბოთლში ჩადეს და ნამსხვრევებით ჭრილობები მიიღეს . მცირეწლოვანმა ბავშვმა კი ბურბუშელაში ჩადებული ასაფეთქებელი შეჭამა.

პიროტექნიკით დაშავებული ყველაზე პატარა პაციენტი  – 3 წლის,  ხოლო ყველაზე ასაკოვანი 92 წლის იყო.

სათამაშო ასაფეთქებლებს ჩანთაში,  ქუდში,  ქურთუკში  სამარშუტო ტაქსსა და საერთოდ ყველგან უნდა ველოდოთ.  

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის, ინფორმაციით, სადღესასწაულო დღეებში პიროტექნიკით ბავშვები და მოზარდები თანაბრად ზარალდებიან.

„პიროტექნიკით დაზარალებულების მატება  25 დეკემბრიდან იწყება და ამას არდადეგების დაწყებას ვუკავშირებ და ახალ წელს სულაც არ სრულდება. პაციენტები შემოდიან შობას, ძველით ახალ წელს, ნათლისღებას ეს გრძელდება ბოლო ასაფეთქებლის ამოწურვამდე.

„დამწვრობის სიხშირით ,სახე და ხელები პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის გულმკერდი და ქვედა კიდურები. იმ შემთხვევაში,  როცა არის ნახეთქი ჭრილობები, მოცლილია თითის ფალანგი,  დაზიანებულია თვალი, უკვე სხვა პროფილის მედიკოსებიც ერთვებიან,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ გუგა ქაშიბაძე.

საქართველოში მაშხალები ძირითადად ჩინეთიდან შემოაქვთ. ინსტრუქციაც ჩინურ  არ ჩინურთან მიახლოებულ ქართულ ენაზე წერია  და მომხმარებელი მხოლოდ ვარაუდით თუ გამოიცნობს მოხმარების წესებს.

იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლათ და ინსტრუქციის წაკითხვა მოახერხეთ, თავს ნუ დაიმშვიდებთ. ხშირად წინა წლის მორჩენილ პიროტქნიკას შემდეგ წელს ყიდიან,  შენახვის დროს ასაფეთქებელი ნესტიანდება და ინსტრუქციაზე მითითებულ დროზე ადრე ან გვიან ფეთქდება.

პიროტექნიკოსი მამუკა რევია მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის გვირჩევს, ასაფეთქებლის ნაცვლად, ახალ წელს შუშხუნა ღვინის გახსნით შემოვიფარგლოთ. ხოლო, თუ მაინც გადავწყვეტთ პიროტექნიკის გამოყენებას, რამდენიმე ელემენტარული ნორმა გავითვალისწინოთ:

  • არ დავიჭიროთ შუშხუნა ხელში,  რადგან ვადის არსებობის შემთხვევაშიც კი შეიძლება, მაშხალა ნესტის ან სხვა მიზეზის გამო, გასკდეს;
  • ასაფეთქებელი ჩავამაგროთ ქვიშიან ვედროში ან მიწაში და მინიმუმ, 3-4 მეტრით მოვშორდეთ;
  • აივანზე დამაგრების შემთხვევაში, გავითვალისწინოთ წინა და ზედა აივნების მდებარეობაც;
  • არავითარ შემთხვევაში არ ჩახედოთ (შემოწმების მიზნით) ანთებულ მაშხალას.

 რეალიზაციის თავისუფლების მიუხედავად, კანონი პიროტექნიკის გაყიდვის არეალს გარკვეულწილად არეგულირებს. სახანძრო  ტექნიკური რეგლამენტის  მიხედვით, „პიროტექნიკური ნაკეთობების რეალიზაცია დასაშვებია სპეციალიზებულ მაღაზიებში, განყოფილებებში (სექციები) და ჯიხურებში, სადაც ისინი დაცული იქნებიან პირდაპირი მზის სხივებისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისაგან. დასაშვებია მათი განლაგება ერთსართულიან შენობებში ან ორი და მეტი სართულის მქონე შენობების ბოლო სართულებზე“.

პიროტექნიკური ნაკეთობის რეალიზაცია აკრძალულია:

  • საცხოვრებელ შენობებში;
  • სადგურების შენობებში (საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო),        რკინიგზის პლატფორმებზე, მეტროპოლიტენის სადგურების მიწისზედა ვესტიბულებში;
  • მიწისქვეშა გადასასვლელებში.

პიროტექნიკის აკრძალვის თაობაზე პეტიცია მთავრობის მისამართით  თითქმის ყველა წელს აქტუალურია. ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების დაპირების მიუხედავად, რამდენიმე დღეში 2018 წელი დგება და ონავარი ბავშვების შიშით სადარბაზოში, წინასწარი დაზვერვის გარეშე, შესვლა ისევ  სახიფათოა.

 

თამუნა გოგუაძე 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები