LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში გუშინ დაკავებული 37 პირიდან ოთხი, მათ შორის ლუკა ჩხეტია იზოლატორში რჩება

89

კიევის სოლომენსკის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც ოდესის მერის გენადი ტრუხანოვის საქმის განხილვა მიმდინარეობდა, მომხდარი არეულობების შედეგად დაკავებული 37 აქტივისტიდან პოლიციამ 33 გაათავისუფლა. ამის შესახებ პარტია „სამოპომიჩის“ წევრმა, დეპუტატმა ეგორ სობოლევმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან მოხალისეთა ბატალიონის „დონბასის“ წევრები: ლუკა ჩხეტია, ნიკოლაი ჩუდოვსკი და ალექსანდრე ფედორჩენკო და ბატალიონ „აიდარის“ წევრი ვლადიმერ ხიტრიჩი.

„ოთხი ჩვენი აქტივისტი წინასწარი დაკავების იზოლატორშია. დანარჩენები, რომლებიც ნაცემები არიან, მხოლოდ მილიციაში ჩვენი მისვლის შემდეგ გაათავისუფლეს. ჩვენი აქტივისტები კარვების ქალაქში იმყოფებოდნენ, როდესაც გაიგეს, რომ ტრუხანოვის მიერ დაქირავებული „დაცვის სამსახურები“ აქტივისტებს სცემენ.

ამ განუკითხაობის აღსაკვეთად ისინი სასამართლოსკენ გაემართნენ.

პოლიციასთან შეტაკებების შედეგად 37 ადამიანი დააკავეს, სცემეს და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებებში. მას შემდეგ რაც იქ მე, დეპუტატებთან სემენ სემენჩენკოსთან და პაველ კოსტენკოსთან და ადვოკატებთან ერთად მივედით, 33 დაკავებული გაათავისუფლეს“, – წერს სობოლევი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

გუშინ კიევის სოლომენსკის რაიონულმა სასამართლომ ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი, რომელსაც ბიუჯეტის გაფლანგვა ედება ბრალად, გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც მას თავდებში დეპუტატი დიმიტრი გოლუბოვი ჩაუდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები