LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელების შთაბეჭდილება – საქართველოს შესახებ ლეგენდები სიმართლე აღმოჩნდა

ლოპოტა, გრემი, ნეკრესი, გუდაური – ეს მარშრუტი  26-29 ოქტომბერს ავიაკომპანია “yanair-ის”  და Welcome to Georgia!-ს ორგანიზებით უკრაინელმა სტუმრებმა გაიარეს. სტუმრების სრული უმრავლესობა საქართველოში პირველად იყო და, როგორც თავად ამბობენ, ქართულმა ბუნებამ, სტუმართმოყვარეობამ და, რაღა თქმა უნდა, სამზარეულომ მათზე საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა.

ავიაკომპანია “yanair-მა” უკრაინელი ვიზიტორების პირველი ორი დღე ყვარელში, ლოპოტას დასასვენებელ კურორტზე დაგეგმა. ლოპოტას სივრცე 2008 წელს სულ 7 ნომრით გაიხსნა. როგორც “ფორტუნას” ლოპოტას გაყიდვების უფროსის მოადგილემ, ნატალი გურიელმა, უთხრა, ამჯერად ეს რიცხვი 102-მდე გაიზარდა, სამომავლოდ კიდევ 85 ნომრის დამატება იგეგმება. ტერიტორია 140 ჰექტარს მოიცავს, ამ სივრცეში მოქცეულია დასასვენებელი ადგილები, საცხოვრებელი კორპუსები, რესტორნები, ბარები, ბუნგალოები და ა.შ. ამავე ტერიტორიაზე არის 4 ღია აუზი, სულ ახლახან გაიხსნა დახურული აუზი ფიტნეს ცენტრით, გამაჯანსაღებელი ადგილებით, ფინური და თურქული საუნით.

 

 

ლოპოტა სტუმრებს წელიწადის ოთხივე სეზონზე მასპინძლობს.

“ზაფხულში აქ, ძირითადად, ოჯახებით ისვენებენ, შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული კორპორატიული ჯგუფებისთვისაა გათვლილი როგორც სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე საქართველოდან. ძალიან ხშირად გვყავს სტუმრები რუსეთიდან, უკრაინიდან,  არაბეთიდან, წელს სკანდინავიიდანაც მივიღეთ ჯგუფები, ასევე, ევროპელ ჯგუფებსაც ხშირად ვმასპინძლობთ,” – გვითხრა ნატალი გურიელმა.

ყვარელში სტუმრობისას უკრაინელმა სტუმრებმა გრემის და ნეკრესის ეკლესია-მონასტრები დაათვალიერეს. არც ყვარლის გვირაბი დარჩენილა მათი ყურადღების მიღმა: სტუმრებს ქართული ხალხური სიმღერის ფონზე შესაძლებლობა ჰქონდათ, ტრადიციული, კახური ღვინის დეგუსტაციასაც დასწრებოდნენ.

 

 

 

 

 

ავიაკომპანია “yanair”-ის წარმომადგენლის, ამირან აბესაძის თქმით, ლოკაციად ლოპოტა იმიტომ შეირჩა, რომ უკრაინელი ხალხისთვის კახეთის რეგიონი მაინცდამაინც ცნობილი არ იყო.

„ტურიზმი საქართველოში ვითარდება და, შესაბამისად, შევარჩიეთ ისეთი ტური, რაც უცხოელებისთვის ნაკლებად ცნობილია. ავიაკომპანია, რომელმაც ტურისტები მოიწვია, უკრაინული კომპანიაა და, შესაბამისად, ჩვენც უკრაინელებს ვმასპინძლობთ. აქ წარმოდგენილი ადამიანები არიან უკრაინის წამყვანი ტურისტული სააგენტოებიდან, არიან უკრაინელი ჟურნალისტებიც. ლოპოტა მათთვის აქამდე ცნობილი არ იყო, ამიტომ შევარჩიეთ შესაბამისად ძლიერ ტურაგენტები ისეთი მიმართულებები, რასაც აქამდე არ იცნობდნენ. ყოველწლიურად ავიაკომპანია „yanair-ი ახორციელებს მსგავსი ტიპის გაცნობით ტურისტულ ღონისძიებებს. წელიწადში მინიმუმ ორი მსგავსი ტური მაინც ეწყობა ხოლმე,“ – გვითხრა ამირან აბესაძემ.

სანამ ლოპოტას დატოვებდნენ, უკრაინელებმა ქართული ნუგბარი – ჩურჩხელა თავად ამოავლეს და შედეგითაც კმაყოფილები დარჩნენ.

 

 

 

საქართველოში სტუმრობის ბოლო ორი დღე უკრაინელებმა გუდაურში, სასტუმრო “ახალ გუდაურში” გაატარეს. როგორც “ახალ გუდაურში” გვითხრეს, 2012 შეიქმნა გუდაურის განვითარების გეგმა, რის მიხედვითაც კომპანია „რედკო“ დამსვენებლებისთვის მორგებულ მშენებლობას ახორციელებს. “ახალი გუდაურის” პირველი კორპუსის მშენებლობა  2012 წელს დაიწყო, მას შემდეგ სასტუმროს ყოველ წელს მინიმუმ ერთი კორპუსი ემატება, წელს კიდევ ერთი კორპუსის დამატება იგეგმება, მომავალ წელს კი – ოთხის. „ახალი გუდაური” საქართველოში პირველი კურორტია, რომელიც საერთაშორისო კომპანიის გეგმის მიხედვით შეიქმნა.  ამ ეტაპზე სასტუმროში 500 აპარტამენტია.

“ყველა ეს აპარტამენტი არის კერძო მფლობელობაში, ჩვენი კომპანია აქირავებს მხოლოდ და მხოლოდ 50-მდე ნომერს. კერძო მფლობელები ან თავად აქირავებენ, ან პირადი მოხმარებისთვის აქვთ შეძენილი ნომრები. ჩვენ, ძირითადად, ქართველები, რუსები და უკრაინელები გვყავს სტუმრად. ბოლო დროს ახლო აღმოსავლეთიდანაც გვსტუმრობენ. ძალიან გვიხარია, რომ ავიაკომპანია „yanair-ი დაინტერესდა „ახალი გუდაურით“ იმიტომ, რომ ჩვენ დიდიხანია, ვიცით და ვაფასდებთ გუდაურის განვითარების პოტენციალს, გვიხარია, რომ საერთაშორისო მედია და ტურისტული კომპანიებიც ინტერესდებიან, ჩამოდიან, ჩვენ ვაცნობთ ამ სიტუაციას და, იმედია, უკრაინიდან კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა,“ – გვითხრა „რედკო მენეჯმენტ გრუპის“ დირექტორმა, თინათინ კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება თავად სტუმრებს, უკრაინელები საქართველოს სტუმართმოყვარეობას განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს.

მე ვარ კიევიდან, ძირითადი ანგარიშის მენეჯერი “ticket travel network”-ში. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და თქვენი ქვეყანა ძალიან მომეწონა. სწორედ ამიტომ, ეს ჩემი ბოლო სტუმრობა ნამდვილად არ იქნება. მე ვნახე კახეთიც და გუდაურიც, ორივე თავისებურად ლამაზია: კახეთში ნამდვილი შემოდგომა დაგვხვდა, აქ კი უკვე ზამთარია,“ – ამბობს ტატიანა კაიდაკოვა.

 

„საქართველოს ბუნებამ გამაოცა: მთები, ლამაზი ხედები, ეკლესიები და ისტორიული ძეგლები მართლაც საოცარია. ქართული სამზარეულოს შესახებ თითქმის ლეგენდები დადის, მე აქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველებს საოცარი კერძები გაქვთ,“ – გვითხრა მარინა ტალაკმა.

 

თათია კაკიაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები