LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელი და რუსი გოგონების სვანური ბიზნესი: Erti Kava inebet

342

ორმა უცხოელმა გოგონამ სვანეთში ბიზნესი წამოიწყო და საკუთარი ყავახანა გახსნა. Erti Kava – ასე ჰქვია კაფეს, რომელიც მესტიაში მდებარეობს და მომხმარებელს რამდენიმე სახეობის ყავას სთავაზობს.

Erti Kava-ს დამფუძნებლები ცნობილი კიეველი პიარმენეჯერი და ბიზნესტრენერი ტანია მერზლაი და ტურიზმის მენეჯერი ქსენია ფარჯიანი არიან. ქსენია წარმოშობით რუსეთიდანაა და ის სვანეთში უკვე 8 წელია ცხოვრობს. ფარჯიანი აქ სასტუმროების ბიზნესსაც ფლობს. რაც შეეხება ტანიას, ის სვანეთში ბოლო რამდენიმე თვეა იმყოფება.

უცხოელ გოგონებს ბიზნეს-იდეა ერთობლივად გაუჩნდათ და როგორც ამბობენ, ამის მიზეზი, გახდა ის, რომ საქართველოში კარგი ყავის ყიდვა ცოტა რთულია, მითუმეტეს სვანეთში. როგორც ”ფორტუნას” ყავახანას დამფუძნებელმა, ქსენია ფარჯიანმა განუცხადა, Erti Kava-ს პროდუქცია უმაღლესი ხარისხისაა..

”ამ ეტაპზე Erti Kava მომხმარებელს ყავის 15 სახეობას, ფრანგულ კაკაოსა და ქართულ ჩაის სთავაზობს. ყავახანა აღჭურვილია ძვირად ღირებული იტალიური ტექნიკით, ყავა უკრაინიდან ჩამოდის, რძე კი ადგილობრივი, სვანური წარმოებისაა”, – აღნიშნა ფარჯიანმა. მისი ინფორმაციით, ყავის ხარისხიდან გამომდინარე, ფასები საშუალოზე ოდნავ მაღალია.

ცნობისთვის, Erti Kava მესტიაში მიმდინარე წლის 1 აპრილს გაიხსნა და მომხმარებლების ყურადღება უკვე მიიპყრო. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე კი ყავახანას დამფუძნებლები ვიზიტორების კიდევ უფრო გააქტიურებას ელიან.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები