LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელი გოგონა, რომელიც გუდაურში ყველაზე მეტად დაშავდა, გონს მოვიდა

77

მაქს პანიკარი, რომელიც გუდაურში 40 კაციან ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, ინციდენტის დროს დაშავებულ უკრაინელ გოგონას ჯანმრთელობაზე, ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ის წერს ინა ისჩუკის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. ახლა მისი მშობლებიც საქართველოში არიან და ექიმები არწმუნებენ, რომ გოგონა ჯანმრთელად იქნება.

“გუდაურში მომხდარი ინციდენტის შედეგად, ჩვენი ჯგუფიდან ყველაზე მეტად ერთი გოგონა დაშავდა – ინა ისჩუკი კიევიდან. ყველა დანარჩენი მცირე შოკის მიუხედავად, ცოცხლები და ჯანმრთელები არიან.

ინას უამრავი მოტეხილობა აქვს და რთული ოპერაცია გადაიტანა.

მისი დედა ყველა მორწმუნეს სთხოვს, რომ ინასთვის ილოცონ.

ინას დედის ინფორმაციით, 18 მარტს გოგონა გონს მოვიდა, უკვე დამოუკიდებლად სუნთქავს, აცნობიერებს რაც მოხდა.

ამბობს, რომ გადმოსახტომად მზად იყო, თხილამურები გაიხადა და შემდეგ არ ახსოვს რა მოხდა.

საუბარი მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ ადრეა, თუმცა დადებითი დინამიკა არის”, – წერს ის სოციალურ ქსელში.

პანიკარი, შემთხვევის დეტალებსაც იხსენებს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს ინციდენტი, ადამიანის შეცდომის გამო არ მოხდა.

“თავიდან საბაგირო გაჩერდა, შემდეგ დაიწყო მოძრაობა, თუმცა უკუმიმართულებით, როდესაც მოძრაობა საგრძნობლად აჩქარდა, ეს უკვე სასაცილო აღარ იყო. ხალხმა გადმოხტომა დაიწყო. 

სიჩქარე იმდენად დიდი იყო, რომ ხალხის დახმარებას ქვემოთ მყოფები ვერ ახერხებდნენ. 

ზოგიერთი საბაგიროს ოპერატორი იქვე იდგა და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. 

იმედი მაქვს ავარიის მიზეზი, ადამიანური ფაქტორი არ არის”, – წერს ის ფეისბუქზე.

ტურისტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის გუდაურის პოლიციას და ამბობს, რომ ინციდენტზე ყველას სწრაფი რეაგირება ჰქონდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები