LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პირველმა ლედიმ ბათუმში მყოფი უკრაინელი ბავშვები მოინახულა (ვიდეო)

168

უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ბათუმში უკრაინის პირველი ლედიც იმყოფებოდა.  მარინა პოროშენკომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად უკრაინის ომში დაღუპულთა შვილები მოინახულა, რომლებიც დასასვენებლად ბათუმში აჭარის მთავრობის მხარდაჭერით იმყოფებიან.

დელფინების შოუზე დასწრების შემდეგ უკრაინის პირველმა ლედიმ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“  – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და რომლის ფარგლებშიც უკრაინიდან ბათუმს  10 დღით 20 ბავშვი სტუმრობს.

პროექტის მიზანია საქართველოსა და უკრაინას შორის სახალხო დიპლომატიის გაღრმავება, უკრაინელი და ქართველი ბავშვების დამეგობრებისა და ომის შედეგად ტრავმირებული ბავშვების ფსიქორეაბილიტაციის მხარდაჭერა.

უკრაინის მხრიდან პროექტი ხორციელდება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, უკრაინელი ახალგაზრდობის მსოფლიო კონგრესისა და უკრაინის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის დიმიტრი ლუბინცის მხარდაჭერით.

საქართველოში პროექტის ორგანიზატორები და პარტნიორები არიან ასოციაცია „ერთმანეთისთვის“, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეუღლე სოფიო ბაკურიძე ხელმძღვანელობს, საქველმოქმედო ფონდი „ალილო 2015“, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ახალგაზრდების დემოკრატიული განვითარების ცენტრი „სინერგია“, კულტურულ – საგანმანათლებლო ცენტრი „ივერია“.

პროექტის ფარგლებში ბავშვებისთვის გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები გაიმართა,  შედგა ბავშვების ქართველ თანატოლებთან შეხვედრები და ურთიერთობა.

პროექტში მონაწილეობას იღებენ ომის ვეტერანთა შვილები და იძულებით გადაადგილებული ბავშვები ანტიტერორისტული მოქმედებების ზონიდან. მათთვის მომზადებული პროგრამა მაქსიმალურად ითვალისწინებს აქტიური დასვენების მრავალაფეროვნებას, რაც მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას მოახდენს მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ფონდის და კომპანია „ორბი ჯგუფის“ ფინანსური მხარდაჭერით.

https://www.youtube.com/watch?v=3p9yg4Jhgr0&feature=youtu.be

პოპულალურები