LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულამაზესი სოპრანოს, ნინო მაჩაიძის კონცერტმა ოპერაში ხანგრძლივი აპლოდისმენტებით ჩაიარა

107

საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, მსოფლიოში სახელგანთქმულ სოპრანოსთან, ნინო მაჩაიძესთან ერთად 13 მარტს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტი გამართა.

კონცერტის დასაწყისში მაყურებლის წინაშე „იუნისეფის“ წარმომადგენლები გამოვიდნენ. ღონისძიება სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით გაიმართა, კამპანიის ფარგლებში, რომელიც „იუნისეფმა“ წამოიწყო – ეს გახლავთ ანტი-სტიგმა მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებებისა და ქცევის ნორმების შეცვლას და სტიგმის დაძლევას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ცოდნის გავრცელების, ურთიერთგაგებისა და სოლიდარობის გზით. მოძრაობის ლიდერები სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მათი მშობლები არიან.

პროექტის  „დაინახე ყველაფერი“ ფარგლებში ნინო მაჩაიძე პატარებს შეხვდა და მათგან სიმღერები და ლექსები მოისმინა. ბავშვები კონცერტსაც ესწრებოდნენ, რამდენიმე მათგანს ნინოს სცენაზე გამოსვლა იმდენად უხაროდა, რომ აღფრთოვანებას ვერ მალავდა და დარბაზიდან მომღერალს იძახდა, რამაც დამსწრე საზოგადოება და თავად მუსიკოსიც ძალიან გაამხიარულა.

კონცერტის პირველ განყოფილებაში ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ქართველი კომპოზიტორების ცნობილი კლასიკური ნაწარმოებები შეასრულა. მეორე განყოფილებაში კი სცენაზე ნინო მაჩაიძე გამოვიდა, რომელმაც დარბაზის ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა შესრულებული საოპერო არიების კვალდაკვალ და ბოლოს ბისზეც გამოვიდა, რასაკვირველია. მასთან ერთად მთელი დარბაზი მღეროდა. ალტის გიორგი ცაგარელთან ერთად შესრულდა კომპოზიტორ ენრი ლოლაშვილი ახალი კომპოზიცია, თავად კომპოზიტორს 70 წელი შეუსრულდა და ის კონცერტს ესწრებოდა.

როგორც ნიკოლოზ რაჭველმა სცენიდან გაგვანდო, ამიერიდან ყოველი ორშაბათი ოპერაში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს დაეთმობა, რომელიც სხვადასხვა სოლისტთან ერთად, საინტერესო მუსიკალურ საღამოებს შემოგვთავაზებს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები