LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა არგენტინა დაამარცხეს (ვიდეო)

68

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის პირველ შეხვედრაში არგენტინას დაუპირისპირდა და 26:25 დაამარცხა.

 

უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინას მესხის სტადიონზე შეეხვდნენ.
ეს გახლდათ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე მატჩი – მე-9 ადგილის ნახევარფინალი და გამარჯვების გამო გაისად უძლიერესთა შორის თამაში დავიბევეთ.

„პუმიტასს“, რომელიც საქართველოში ტურნირის მოსაგებად ჩამოვიდა, სასტარტო მატჩი „ავჭალაზე“ ვეთამაშეთ და დიდი ბრძოლის მიუხედავად თამაში 26:37 დავთმეთ.

„შესაძლო ვარიანტებიდან არგენტინა ყველაზე რთული მეტოქეა. ესაა ძალიან მაღალი დონის გუნდი, რომელიც დიდი ხანია ამ დონეზე თამაშობს. არგენტინელები სწრაფ რაგბს თამაშობენ, რასთან ადაპტირებაც ჩვენ ძალიან გვიჭირს“, – განაცხადა მატჩამდე უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი საფრანგეთთან დიდი სხვაობით დათმო ჩვენმა გუნდმაც (0:54). რადგან სატურნირო თვალსაზრისით ამ თამაშის შედეგს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მწვრთნელებმა ლიდერებს დასვენების საშუალება მისცეს.
ახლა სიტუაცია შეიცვალა და სასტარტო შემადგენლობაში 12 დასვენებული მოთამაშე დაბრუნდა.

 

სანახაობრივ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში პირველივე წუთებზე გახსნა. მესამე წუთზე არგენტინელებს ლელო ბექა საღინაძემ გახსნა, გელა აფრასიძემ კი ზუსტად გარდასახა და საქართველოს ნაკრები 7:0 დაწინაურდა.

მეათე წუთზე ალბორნოსის ჯარიმით ანგარიში 7:3 შემცირდა, თუმცა მეთორმეტე წუთზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმა ლელო დადო, აფრასიძე გარდასახვაზე კვლავაც ზუსტი იყო და საქართველომ თერთმეტქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

მეთექვსმეტე წუთზე კაცნაკლულ საქართველოს არგენტინელებმა ლელოს დადება მოახერხეს, თუმცა გარდასახვის გატანა ვერ შეძლეს და ანგარიში 14:10 გახდა.

თამაშის დარჩენილ 15 წუთში გელა აფრასიძემ სამი ჯარიმა შეასრულა ზუსტად და პირველი ტაიმი საქართველოს თორმეტქულიანი უპირატესობით ანგარიშით 23:11 დაასრულა.

მეორე ტაიმი არგენტინელებმა აქტიურად დაიწყეს და საქართველოს ნაკრები დაალელოვეს კიდეც, დალრეუმ კი გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და ანგარიში 23:18-მდე შეამცირეს.

77-ე წუთზე გელა აფრასიძემ 42 მეტრიდან ჯარიმის გატანა შეძლო და არგენტინასთან საქართველოს ნაკრების უპირატესობა კვლავ კომფორტული გახადა – 26:18. ბოლო წამებზე ქართველმა მორაგბეებმა არგენტინელებს ლელოს გატანის საშუალება არ მისცეს და ბურთი ლაშა მესხმა ჩვენი ნახევრიდან გამოიტანა. თუმცა მოგვიანებით არგენტინელებმა ლელოს დამიწება შეძლეს, ანგარიში შეამცირეს და საბოლოო ანგარიში 26:25 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ დააფიქსირეს.

უმცროსი ბორჯღალოსნებმა კი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატისთვის ადგილი შეინარჩუნეს. მიმდინარე გათამაშებაში კი მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებენ, სადაც ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები