LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობის დეპუტატებს შეიძლება ვუწოდოთ ლეღვის ფოთლები – ოპოზიცია აუდიოჩანაწერს ეხმიანება

83

თუ უმრავლესობის დეპუტატები არიან გულუბრყვილოები, არ იციან, რომ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდნენ, შეიძლება მათ ვუწოდოთ ლეღვის ფოთლები; გადაეფარნენ სასირცხვილოს და უმსგავსოს, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ფიგურირებენ.

როგორც გოცირიძე აცხადებს, ჩამოყალიბებულია დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელშიც ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტო მონაწილეობს.

“თავად ამ ფაქტს ვერ უარვყობთ, რომ ვიღაცებს ისინი შირმად ეფარებოდნენ და მთელი ამ კომისიის მუშაობის პერიოდში ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ის ვერსია იყო ნამდვილი, რასაც ჩვენ ხელისუფლება გვთავაზობდა. დღეს აბსოლუტურად სხვა ინფორმაციის მატარებლები ვართ. ყველა ეჭვი, რაც კი არსებობდა – მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა, მოზარდების მკვლელობა, ინფორმაციისა თუ ჩვენებების ძალადობრივი თუ წამების გზით გამოძალვა, არაფორმალური შეიარაღებული რაზმების არსებობა, ბიზნესისა თუ სხვა საკითხებში წილების გადანაწილება თუ სხვა რამ, ხელისუფლების გარეთ მდგომი პირების მონაწილეობა დადასტურდა. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ სერიოზულად როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე პროკურატურის და პარლამენტის როლზე, რომელიც ამ ჩანაწერის შემდეგ შეიძლება დადგეს ყველა ამ დანაშაულში და თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობაზე, ესენი იქნებიან მინისტრები თუ ჩვენი კოლეგები,“ – განაცხადა გოცირიძემ.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერეს ეხმიანებიან “ევროპულ საქართველოშიც”. დავით ბაქრაძის განცხადებით ქვეყანა ცალკეული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ იმართება, რაც საგანგაშოა.

„ეს ჩანაწერები არ ეხება ერთ კონკრეტულ საქმეს, არც კონკრეტულ თანამდებობის პირებს და უწყებებს. ეს ჩანაწერები ეხება ქართულ სახელმწიფოს და თითოეული ჩვენგანის მომავალს, იმიტომ რომ თუ ამ ჩანაწერების ავთენტურობა დასტურდება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დღეს არ გვაქვს სახელმწიფო, არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუციები და ქვეყანა იმართება მაფიოზური მენტალიტეტის მქონე არაფორმალური გავლენის ცალკეული პირებისგან”, – განაცხადა ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები