LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობის დეპუტატი ომბუდსმენზე თეა წულუკიანის განცხადებას “უპასუხისმგებლოს” უწოდებს

130

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, შოთა შალელაშვილი, სახალხო დამცველის მისამართით იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, განცხადებას ეხმიანება და მას “უპასუხისმგებლოს” უწოდებს.

შალელაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადება გაუმართლებელია და იმედოვნებს, რომ მომავალში არც ერთი მაღალჩინოსანი თავს არ მისცემს უპასუხისმგებლო შეფასებები გააკეთოს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით.

“მინდა, გამოვეხმაურო იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ქალბატონი წულუკიანი “საქართველის ისტორიაში ყველაზე უსამართლო ობმუსმენდს” უწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს. მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია ,,ქართული ოცნების’’ არც ერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს.

“საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის, დღევანდელი განცხადება სახალხო დამცველის მიმართ, გახლავთ, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მიმართ,” –  წერს შოთა შალელაშვილი სოციალურ ქსელში.

“დეპუტატი საზოგადოებას მოუწოდებს,  ყველამ პატივი სცეს კონსტიტუციურ ორგანოებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც კონსტიტუციით თუ სხვა სამართლებრივი აქტებით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა მათი სამართლებრივი შეფასებები.

“შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პარლამენტის მიერ 88 ხმით იქნა მხარდაჭერილი მოქმედი ომბუდსმენის კანდიდატურა. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, პრაქტიკულად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ შეძლო ადამიანის უფლებების აღიარება, განმტკიცება და დაცვის უზრუნველყოფა, ეს არის ,,ქართული ოცნება’’ და სწორედ ამ პოლიტიკური ძალის ღირსების და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვაპირებ, თვალი დავხუჭო მსგავს უსამართლობაზე.

“ყოველთვის ყურადღებით ვადევნებ თვალს ომბუდსმენის საქმიანობას და ანგარიშს. ასევე მისასალმებელი ფაქტია, რომ არცერთი საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციიდან არ გაჩენილა პრეტენზიები მისი მისამართით,” – წერს შოთა შალელაშვილი.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ასეთი უსამართლო ომბუდსმენი არ ჰყოლია. აღნიშნული განცხადებით თეა წულუკიანი “ციანიდის საქმეზე” უჩა ნანუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ომბუდსმენმა აღნიშნულ თემაზე მონიტორინგის შედეგები წარადგინა, სადაც პროცესუალურ დარღვევებზეა საუბარი.

https://www.facebook.com/shota.shalelashvili.75/posts/306571546525460?pnref=story