LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერმინისტრისთვის  მიუღებელია – გიორგი კვირიკაშვილი

45

“უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერმინისტრისთვის  მიუღებელია,”  – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შოთა შალელაშვილის, ღია წერილზე განაცხადა, რომლითაც დეპუტატი პრემიერს ურჩევს, მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს.

„უმრავლესობის წევრის მხრიდან საჯარო მომართვა იყო. უნდა ვთქვა, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერმინისტრისთვის ჩემთვის არის მიუღებელი. ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. საკითხი არის ძალიან სენსიტიური და რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება ჩემთვის მიუღებელი ფორმაა,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.