LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმუშევრობის დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა

35

სსფ-ს შეფასებით, საქართველო 2017-2022 წლებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედით რეგიონში საუკეთესოა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას 2017 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.  „ჩვენ წარმატებით წარვმართეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რის შედეგადაც ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა სამწლიანი პროგრამა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში 210 მილიონი SDR (ნასესხობის სპეციალური უფლება) ოდენობით“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნული პროგრამა სრულად დაეფუძნა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას და მიზნად ისახავს ფისკალური მდგრადობის გაძლიერებას, ფინანსური სტაბილურობის ზრდას, საგარეო დისბალანსის შემცირებას, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების დაჩქარებას და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ოქტომბერში წარმატებით დასრულდა პროგრამის პირველი მიმოხილვა.  „ჩვენ შევასრულეთ პროგრამით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. შედეგად, პოზიტიურია ეკონომიკური ზრდის მოლოდინები საქართველოს მიმართ. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო, „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის“ მიხედვით, 2017-2022 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედით რეგიონში საუკეთესოა. იმავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ ჩვენ მიერ გატარებული და დაგეგმილი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების გამო ექნება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ბრუნვისა და გამოშვების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში. ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ბიზნესსექტორის ბრუნვა 18.6%-ით, ხოლო გამოშვება 19.6%-ით გაიზარდა. ბრუნვისა და გამოშვების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ხელს ბიზნეს სექტორის განვითარებასა და დასაქმების ზრდას. 2017 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის დასაქმება 6.3%-ით გაიზარდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37,911-ით მეტი ადამიანი დასაქმდა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესსექტორის განვითარების პარალელურად, მცირდება უმუშევრობის დონე ქვეყანაში.

ქუმსიშვილის განცხადებით, 2016 წელს უმუშევრობის დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები