LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება

61

2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება.

საქსტატის ცნობითვე, 2017 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 65.8 პროცენტი შეადგინა. 2016 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად 0.5 და 0.4 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 0.8 პროცენტული პუნქტით. ანალოგიურად, აქტიურობის დონე წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი

ტრადიციულად, დასაქმებულთა უმრავლესობას თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, თუმცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კლების ტენდენცია ფიქსირდება. 2017 წელს თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 51.7 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით

წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია ქ. თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში. ქ. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 1.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, იმერეთის რეგიონში – 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებში – შესაბამისად 2.0 და 3.5 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია აჭარის ა.რ-ში და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, შესაბამისად 5.8 და 3.4 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით ქალებში გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირდა 1.6 პროცენტული პუნქტით.

აქტიურობის დონე შედარებით მაღალია კაცებში. 2017 წელს ქალებში აქტიურობის დონე 58,2 პროცენტს, ხოლო კაცებში – 74,6 პროცენტს შეადგენდა. 2017 წელს 2016 წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში გაზრდილია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირებულია 2.8 პროცენტული პუნქტით.

2017 წელს 2016 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო კაცებში შემცირდა 1.1 პროცენტული პუნქტით.

გამოკვლევის შედეგების ანალიზი ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2017 წელს უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე კვლავ 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება (29.6 პროცენტი). ამასთან აღნიშნული მაჩვენებელი 3.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში, რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში არააქტიურობის დონის შედარებით მაღალი მაჩვენებელი”, – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2017 წელს სამუშაო ძალის სტატისტიკის წარმოებაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები