LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად-მარგველაშვილი

70

ევროპული ინტეგრაციის პროცესისკენ საქართველომ წინ გადადგა ნაბიჯები, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით,  გასული წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, ძალაში შევიდა შენგენის ზონაში უვიზო მოკლევადიანი მიმოსვლის რეჟიმი, თუმცა ქვეყანა ამით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

“საქართველოს დეკლარირებული და საბოლოო მიზანი ევროპულ სახელმწიფოთა ისტორიულ ოჯახში დაბრუნებაა. იგივეს ადგენს, გასული წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ. მივესალმები რეზოლუციის სულისკვეთებასა და მიზნებს. ამიტომ, უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. ამისათვის საჭიროა დემოკრატიის გაძლიერება, ინსტიტუტების მდგრადობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, კანონის უზენაესობა, ეკონომიკის განვითარებადა რეალურად მოქმედი ევროპული სამართლებრივი სისტემის შექმნა. საგარეო-პოლიტიკურ ამოცანად რჩება ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანის გაფართოება და ამ მიმართულებით ახალ პროექტებში მეტი სახელმწიფოს ჩართვა, რაც საქართველოს უსაფრთხოების და კეთილდღეობის გარანტიაა!,” – აცხადებს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკის მიზანია უზრუნველვყოთ მეგობარ ქვეყანათა მეტი ჩართულობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ბალტიის, სკანდინავიის, ვიშეგრადის ჯგუფისა და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი.

“დღეს, თეთრი სახლის ახალი ადმინისტაციის პირობებში, უმნიშვნელოვანესია ქართული პრობლემატიკის კიდევ უფრო გააქტიურება და ვაშინგტონის რადარებზე აქტიურად დაფიქსირება. თანამშრომლობისა და პარტნიორებთან აქტიური პოლიტიკის წარმატებული მაგალითია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ქართული სახელმწიფო და პარტნიორები წარმატებით ვახორციელებთ. ამ წარმატების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით. ამიტომ, ისევე, როგორც არაღიარების პოლიტიკის შემთხვევაში, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების აქტიური ჩართულობით უნდა შეიქმნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიური პოლიტიკა და გადაიდგას შეთანხმებული ნაბიჯები ანექსიის თავიდან ასაცილებლად,” – განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ უმწვავესი რეაქცია უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას ახალი გამყოფი ხაზებისა და მავთულხლართების გავლების პოლიტიკაზე, გალის რაიონის სკოლებში ქართულენოვანი სწავლების შეზღუდვაზე, ადამიანების გატაცებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების ხელყოფის ფაქტებზე.

პოპულალურები