LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა გაუქმდეს თუ არა უშიშროების საბჭო (ვიდეო)

135

ეროვნული უშიშროების საბჭოს სავარაუდო გაუქმების გადაწყვეტილებას „გაუგებარს“ უწოდებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. უშიშროების საბჭოს თავდაცვის საბჭოთი ჩანაცვლებას, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.
საკონსტიტუციო ცვლილებებისა და უსაფრთხოების საკითხები დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
პრეზიდენტი უკმაყოფილოა

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, არასწორია გაუქმდეს კონსტიტუციური ორგანო, რომელიც სამხედრო განვითარებისა და თავდაცვისუნარიანობის კუთხით ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.
„უშიშროების საბჭოს დიდი ხნის ისტორია გააჩნია, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში განსჯის საგანი გახდა. სამწუხაროდ, ბოლო პროექტში ის ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შეიარაღებული ძალების გაძლიერება, გამქრალია კონსტიტუციიდან და ჩანაცვლებულია თავდაცვის საბჭოთი, რომელიც მხოლოდ ომიანობის დროს ფუნქციონირებს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ’’ქვეყანა არ უნდა იყოს ორიენტირებული ამა თუ იმ პოლიტიკოსის მოწონება-არ მოწონების საკითხზე’’.


„ქართული ოცნების“ პასუხი პრეზიდენტს

პრეზიდენტის პოზიციას არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, რომელმაც კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვისას, თავდაცვის საბჭოს ფუნქციასა და მასში პრეზიდენტის ჩართულობაზე ისაუბრა. თალაკვაძის განმარტებით, ’’მოქმედი კონსტიტუციით ბუნდოვნად არის მოწესრიგებული თავდაცისა და უსაფრთხოების საკითხები. ბუნდოვნად არის მოცემული თუ რა ხდება საგანგებო და საომარი ვითარების დროს. კონსტიტუციის ახალ პროექტში კი განსაზღვრულია კომპეტენციები, მათ შორის, პრეზიდენტის – აღნიშნა თალაკვაძემ. მისივე თქმით, კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, თავდაცვის საბჭო მხოლოდ საომარი მოქმედებების დროს ფუნქციონირებს, პასუხისმგებელია კოორდინაციაზე და მას პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.


„მხედრიონის“ საფრთხე თუ „პოლიტიკური სპეკულაცია“

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს აკრიტიკებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელიც, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდა. ხიდაშელის თქმით, კონსტიტუციის მოცემული მოდელი, სახელმწიფოს ცუდი მმართველის პირობებში, ახალი მხედრიონის წარმოქმნის საფრთხეს ქმნის. ხიდაშელი ნეგატიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ კონსტიტუციის პროექტში მხოლოდ სამხედრო შეიარაღებული ძალების განმარტება სჩანს და სხვა ძალებთან დაკავშირებით განმარტებები საერთოდ არ არის.
„პოლიტიკურ სპეკულაციად“ შეაფასა თინა ხიდაშელის ეს განცხადება არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ „მხედრიონის“ ხსენება, პირველ რიგში, აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.


„პოლიტიკური თამაშები“

საკონსტიტუცი ცვლილებებისა და უსაფრთხოების შესახებ კონფერენცია პრეზიდენტმა შეაჯამა. გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკოსებს, პოლიტიკური თამაშების გვერდზე გადადებისკენ მოუწოდა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას გაუსვა ხაზი.
”მინისტრი მოვა თუ არ მოვა, პრემიერი დაესწრება თუ არ დაესწრება – ამ რეჟიმში გადავიდა წლების განმავლობაში საომარ მდგომარეობაში არსებული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. მოვუწოდებ ყველას, გვერდზე გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური თამაშები, პიროვნული ურთიერთობები. ეს სფერო დავტოვოთ მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების კუთხით ეფექტური გადაწყვეტილების მისაღებად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/752686218232987/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

სალომე კვარაცხელია

პოპულალურები