LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა შეხვდეს თუ არა მარგველაშვილი პუტინს?

30

რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრა, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, თუ ეს იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის, ასე პასუხობს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტის განცხადებას. სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ის მზად არის ქართველ კოლეგასთან შესახვედრად და, ასევე, გაიხსენა პუტინის განცხადება, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზადყოფნას ადასტურებს.

”თუ ასეთი შეხვედრა გაიმართება, მთავრი თემა უნდა იყოს დეოკუპაცია. თუ ამით დავიწყებთ, მაშინ ასეთი დღის წესრიგისთვის სერიოზულად მოვემზადებით. სამწუხაროდ, რუსეთისგან ასეთ სიგნალებს ვერ ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ან ჰუმანიტარული მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში პოზიტიური სიგნალებია. ეს ცუდი არ არის, ვინაიდან ამან უნდა შექმნას იმის შესაძლებლობა, რომ, მომავალში, უფრო სერიოზულ თემებზე გადავიდეთ” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც ეხება ლავროვის განცხადებას, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის აღდგენის ერთერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობაა, სესიაშვილი ფიქრობს, რომ ეს განცხადება უფრო მეტად გავს თავის არიდების მცდელობას ისეთ საკითხზე მსჯელობისგან, როგორიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაა. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ რუსეთს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გარეშე, გააუქმოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი.

”დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას წინ უნდა უძღოდეს დეოკუპაციაზე მსჯელობა. რაც ეხება სავიზო საკითხებს, ეს შეუძლია რუსეთს დამოუკიდებლადაც გააკეთოს და დიპლომატიური ურთიერთობის არქონა არ არის ხელისშემშლელი” – განაცხადა სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი ლავროვის იმ განცხადებასაც პასუხობს, სადაც რუსეთის საგარე საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები წვრთნებს პანკისის ტერიტორიაზე ატარებენ. სესიაშვილმა ამ განცხადებას გაუგებარი და რეალობას მოკლებული უწოდა. მისი მტკიცებით, პანკისში სიმშვიდეა და შესაბამისი სამსახურები სიტუაციას აკონტროლებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები