LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა შემუშავდეს ტრანსპორტის განვითარების ერთიანი ხედვა“ – კახა კალაძე

27

„ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქალაქის ურბანულ განვითარებაში,“ – ამის შესახებ თბილისის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ, განაცხადა.

„პირველი, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასაკეთებელია, უნდა შემუშავდეს ტრანსპორტის განვითარების ერთიანი ხედვა. ასეთი ხედვის გარეშე, მგონია, რომ მხოლოდ ერთ წერტილში, ლოკალურად მოგვარებული პრობლემა აუცილებლად კვლავ იჩენს თავს და გადაინაცვლებს სხვა ადგილას. ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქალაქის ურბანულ განვითარებაში. სწორედ ამ სტრატეგიის გათვალისწინებით მოხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა, რათა ქაოტურმა მშენებლობებმა არ დაახშოს ქალაქის სატრანსპორტო არტერიები. მოხდება ახალი ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, არსებული სამარშუტო ხაზების გადახედვა და ახალი მარშუტების დამატება; თბილისის რკინიგზის ტერიტორიის გამოთავისუფლება და მისი ქალაქის ინტერესებისთვის გამოყენება მოხდება“, – აცხადებს კალაძე თავის ვიდეიომიმართვაში.

კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ნიშნავს, რომ მისი მომსახურებით მეტი ხალხი სარგებლობს და ინდივიდუალური ტრანსპორტის საჭიროება ნაკლებია, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიისთვის, ასევე ქალაქის საცობებისგან გასათავისუფლებლად.

მერობის კანდიდატის თქმით, საცობების განტვირთვის მიზნით ასევე დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მუდმივ რეჟიმში მოხდება თბილისის ქუჩების მონიტორინგი, გადატვირთული წერტილების გამოვლენა და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა.