LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში პურპროდუქტების გაძვირებას

ხორბალზე დაწესებულმა ახალმა გადასახადმა ფქვილი გააძვირა – 1 ტომრის ფასი, საშუალოდ, 1,5-2 ლარით გაიზარდა.  მთავრობის 27 მარტის დადგენილებით, მარცვლეულის გენმოდიფიცირებაზე ანალიზი, რომელიც აქამდე უფასო იყო, 250 ლარი გახდა.

გარდა ამისა, გაძვირდა რუსული ხორბალიც. რუსული მედიის ცნობით, მარტის შუა რიცხვებიდან ხორბალზე ფასის მატება დაიწყო და დღემდე გრძელდება. საექსპორტო ბაზარზე რუსული ხორბლის ფასმა 3 დოლარით მოიმატა და ტონაზე ღირებულებამ  213 დოლარი შეადგინა.

როგორც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსმა, თენგიზ მარტიაშვილმა „ფორტუნას“ განუცხადა, ქვეყანაში მარცვლეული შემოდის როგორც საზღვაო, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით, თუმცა, ბუნებრივია, რომ საბაჟო დეპარტამენტი ალტერნატიულ სახმელეთო გზასაც ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორად განიხილავს და უწყების ცნობით, ეს გზა სწორედ რუსეთის ბაზარზე გადის. უფრო მეტიც, სახმელეთო იმპორტიორი ქვეყნებიდან საქართველოში იმპორტირებული ხორბლის უდიდესი წილი სწორედ რუსულ ხორბალზე მოდის.

 

გაძვირდება თუ არა ხორბალი საქართველოში?!

მეწარმეების თქმით, ნებისმიერი რეგულაცია, როგორც საბითუმო, ასევე სარეალიზაციო ფასზე იმოქმედებს. ხორბლის მწარმოებელი კომპანიების ნაწილი „ფორტუნასთან“ სარეალიზაციო ფასზე მატებას ადასტურებს, ნაწილი კი ამბობს, რომ ამ მხრივ, ცვლილებები ჯერჯერობით არ შეინიშნება.

მარცვლეულისა და ხორბლის მწარმოებელ კომპანია „ბევრილიში“ აცხადებენ, რომ 27 მარტის მთავრობის დადგენილების შემდეგ, კომპანიაში პროდუქციის ფასი გაიზარდა. კომპანია ფასის მატებას არც მომავალში გამორიცხავს. „ბევრილიში“ ხორბალს და მარცვლეულს რუსეთიდანაც იღებენ – ფასის ცვლილება კი აშკარაა, 1 ტონა ხორბალზე თანხის დანამატმა 10 ლარი შეადგინა.

ამავე პოზიციაზეა ხორბლის მწარმოებელი „მეგა კომპანი“. კომპანიაში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ ახალი რეგულაციის შემდეგ, როგორც მარცვლეულზე, ასევე ხორბალზე ფასმა მოიმატა. კერძოდ, 1კგ-ზე ამ მატებამ საშუალოდ 2 ლარი შეადგინა. „ბევრილის“ მსგავსად, „მეგა კომპანიში“ ფასების კვლავ ზრდასაც პროგნოზირებენ, თუმცა კონკრეტული ციფრის დასახელება ამ დრომდე უჭირთ. რაც შეეხება რუსეთიდან ექსპორტირებულ ხორბალს და მარცვლეულს, კომპანიაში „ფორტუნას“ უთხრეს, რომ რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ფასმა არ მოიმატა, პირიქით, 1 კგ-ზე 50 თეთრით დაიკლო.

ხორბალსა და ფქვილზე ფასის მატებას ადასტურებენ კომპანია „სამგორი 2016-შიც“. კომპანიაში აცხადებენ, რომ ფასის დანამატმა 1 ტონა ფქვილზე 10 ლარი შეადგინა.

 

„თუკი რეგულაციების ამოქმედებამდე 1 ტომარა ფქვილი 36 ლარი ღირდა, ახლა 37 ლარი ღირს, ანუ ფასის მატება, დაახლოებით, 1 ლარია, თუმცა სახეობების მიხედვით, ეს ციფრი ცვალებადია და 2 ლარამდეც ადის,“ – განუცხადეს „ფორტუნას“
„სამგორი 2016-ში“.

 

მეპურეთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ამ სფეროში ნებისმიერი რეგულაცია საბითუმო და სარეალიზაციო ფასზე აისახება, თუმცა რა ბედი ეწევა მზა პურპროდუქტს, ასოციაციაში ჯერჯერობით შეფასებებისგან თავს იკავებენ. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე პროდუქციის თვითღირებულებას 2 ლარი მიემატა. რაც შეეხება საქართველოში გენმოდიფიცირებული ხორბლის შემოტანას, მეპურეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა. მათივე თქმით, შეგნებულად იქმნება ხელოვნური ბარიერები და სწორედ ამით ძვირდება

პროდუქტის საბოლოო ფასი.

ხორბლის იმპორტიორებმა მოსახლეობას ფქვილის გაძვირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. იმპორტიორები აცხადებენ, რომ ფქვილის გაძვირების მიზეზი ფიტოსანიტარიული კონტროლის წესში მთავრობის დადგენილებით შესული ცვლილებებია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ხორბლით დატვირთულ ყველა მანქანას გენმოდიფიცირებაზე უნდა ჩაუტარდეს.

 

 

რატომ დადგა საკარანტინო მოსაკრებლის კვლავ შემოღების აუცილებლობა დღის წესრიგში?

2005 წელს საქართველოში საკარანტინო მოსაკრებლის შესახებ კანონი გაუქმდა. მაშინ ბიზნესსექტორი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასახადისგან გათავისუფლებული იყო. როგორც თენგიზ მარტიაშვილი განმარტავს, მოგვიანებით შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ფუნქციები დაემატა და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, საჭირო გახდა მინიმალური საკარანტინო მოსაკრებლის კვლავ შემოღება.

 

„სწორედ მაშინ, როცა სისტემა ეტაპობრივად განვითარდა და ასე ვთქვათ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია მოხდა, გადაწყდა, რომ ეს საკარანტინო მოსაკრებელი უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რათა სახელისუფლებო კონტროლი უფრო ეფექტური გამხდარიყო. შესაბამისად, ის თანხა, რაც ამ გზით შემოდის, უნდა მოხმარდეს ინფრასტრუქტურის განვითარებას, აღჭურვილობის შეძენას, ლაბორატორიულ კვლევას და მთელი რიგი თანხები უნდა იყოს მიმართული სურსათის უვნებლობასა და მცენარეთა დაცვაში,“ – განუცხადა „ფორტუნას“ თენგიზ მარტიაშვილმა.

 

მარტიაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ მსოფლიოში არ არსებობს გამონაკლისი ქვეყანა, რომელსაც მოსაკრებელს არ ახდევინებენ. მისივე თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მინიმალური მოსაკრებელი დაწესდა, რითაც სისტემას კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალება მიეცა.

ევროპარლამენტის დირექტივით, ევროპის ქვეყნებში საკარანტინო მოსაკრებელი 20 ევროდან 140 ევროს ჩათვლით მერყეობს. ჩვენს ქვეყანაში ეს თანხა, როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, ძალიან მიზერულია – ფიტოსანიტარული კონტროლისთვის მოსაკრებელი განისაზღვრება 30-დან 100 ლარამდე, ხოლო თუკი ნიმუში გამოსაკვლევი იქნება, შესაძლოა, თანხას 50 ლარი დაემატოს და მოსაკრებლის ოდენობა 30-დან 150 ლარამდე მოვიაზროთ.

 

 

რამდენად ხშირია საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტი?!

საკარანტინო მოსაკრებელი, რომელიც რეალურად პროდუქციის ხარისხის და ვარგისიანობის გამოსაკვლევადაც შემოიღეს, გულისხმობს იმასაც, რომ საბაჟოზე შემოსულმა ყველა პროდუქტმა გაიაროს კონტროლი და შემოწმდეს, პროდუქტი ხომ არ არის გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმის მატარებელი. თენგიზ მარტიაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტის ორი შემთხვევა დაფიქსირდა – დაახლოებით, 1 თვის წინ ლობიოს ფაქტი და შარშან – სიმინდის. მარტიაშვილი განმარტავს, რომ უწყებას წინასწარ შემუშავებული, რისკზე დაფუძნებული პროდუქტების ნუსხა აქვს.

„ჩვენი სისტემა ასეთია – ელექტრონულად არის განსაზღვრული ის სურსათი და ცოცხალი პროდუქტები, რომლებიც შეიძლება, გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს წარმოადგენდნენ. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ უკვე ბუნებაში არის მიღებული და გენეტიკურად შეცვლილია სახესხვაობა, მაგალითად, სოიოსი, სიმინდის, ხორბლის, პომიდვრის, ბადრიჯნის ან სხვა პროდუქტების შემთხვევაში, უკვე განსაზღვრულია ის ქვეყანა, რომელიც კონკრეტულად აწარმოებს ჩამოთვლილ პროდუქტს და ასევე ქვეყანა, სადაც შეიძლება, ეს პროდუქტი იყიდებოდეს. ამ ნუსხიდან გამომდინარე, სისტემა განსაზღვრავს რისკებს და მოგვეწოდება ინფორმაცია, შემდგომ ეტაპზე კი სურსათი გადაამოწმებს, ხომ არ არის ამ ქვეყნებიდან შემოსული პროდუქტი გენმოდიფიცირებული. ამის შემდეგ ჩვენ ვიღებთ ნიმუშს, ვგზავნით ლაბორატორიებში და ველით გამოკვლევის პასუხს,“ – ამბობს მარტიაშვილი.

 

თუკი კვლევების შემდეგ დადასტურდა, რომ პროდუქტი გენეტიკურად მოდიფიცირებულია, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ პროდუქტების განადგურების შესახებ. გარდა ამისა, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომლის მიხედვით დადასტურებულად გენმოდიფიცირებული პროდუქტი ექვემდებარება განადგურებას ან უკან ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას. რაც შეეხება კანონმდებლობას, სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს შესაბამისი მუხლი – ფიზიკური პირების შემთხვევაში დაფიქსირებული ქვეყანაში შემოტანილი გენმოდიფიცირებული პროდუქტის შემთხვევაში, მუხლი ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – კომპანიის ლიკვიდაციას ან სოლიდურ ჯარიმას.

 

თათია კაკიაშვილი