LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნებართვო მშენებლობები თბილისში – ექვემდებარება თუ არა დემონტაჟს მაღალსართულიანი მშენებარე კორპუსები

დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების გამო, ან დარღვევით მიმდინარე პროექტებზე გაფრთხილება ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, 4-თვიან პერიოდში, 500 ობიექტს მიეცა, 272 ობიექტი დაჯარიმდა, 120-ის მისამართით კი შეჩერების დადგენილება ამოქმედდა.

როგორც „ფორტუნასთან“ საუბრისას თბილისის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გიორგი ბაგრატიონი, აცხადებს, მშენებლობის შეჩერება  ავტომატურად არ ნიშნავს მათ დაუყოვნებლივ დემონტაჟს, მათ კვლავ აქვთ გონივრული ვადა დარღვევების გამოსასწორებლად. იქამდე კი მშენებლობა შეჩერებულია.

ამ ტიპის 120 შეჩერებული ობიექტიდან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, არის რამდენიმე ერთსართულიანი შენობა ან კონსტრუქცია, რომელიც სახელმწიფო მიწაზე უნებართვოდ არის აშენებული. ეს არის კანონის უხეში დარღვევა და შესაბამისად, მათი დემონტაჟი დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, დამრღვევი კი 10 ათასი ლარით დაჯარიმდეს. ამ ტიპის დამრღვევთა სიაში არ შედის მაღალსართულიანი მშენებარე კორპუსები, რადგან სახელმწიფო მიწაზე მაღალსართულიანი კორპუსის უნებართვო მშენებლობის ფაქტი არ დაფიქსირებულა. 

გარდა სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობისა, ზედამხედველობის სამსახურმა ობიექტებზე დააფიქსირა სხვა ტიპის დარღვევებიც. მათ შორის: პროექტის დარღვევა ან არქონა, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა. იყო შემთხვევებიც, როცა კომპანიას დოკუმენტაცია მწყობრში არ ჰქონდა.

„თავს შევიკავებ, დავასახელო ის კომპანიები, რომლებსაც ეს დარღვევები დაუფიქსირდათ. ზედამხედველობის სამსახურს ნებისმიერ დროს შეუძლია, გადაამოწმოს ობიექტი, დაცულია თუ არა უსაფრთხოების ნორმები და ა.შ. და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. დარღვევების გამოსასწორებლად კი ობიექტს ეძლევა გონივრული ვადა. შეიძლება, ასევე ჰქონდეს პროექტთან შეუსაბამობა. აქაც გონივრულ ვადას ვაძლევთ. თუ ამ ვადებში არ გამოსწორდა, ჩვენ მერე ვუჩერებთ მშენებლობას. ეს არის მუდმივი პროცესი. შეჩერების დადგენილება კი გამოიცა ამ 120 ობიექტის მისამართით, მაგრამ  შეიძლება,  რომელიმემ ამ ობიექტებიდან გამოასწოროს პირობითად ხვალ და გააგრძელოს მშენებლობა,“ – აღნიშნა გიორგი ბაგრატიონმა. 

ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი იმასაც განმარტავს, რომ ობიექტისთვის მშენებლობის შეჩერება არ არის მუდმივი სანქცია.

„ნებისმიერ მშენებლობას აქვს გამოსწორების საშუალება, თუმცა, მშენებლობა, რომელიც სახელმწიფო მიწაზე უნებართვოდ ხორციელდება, მას არ აქვს გამოსწორების შანსი და უნდა დაინგრეს. ბოლო სტატისტიკის მიხედვით, ასეთი 500-მდე ობიექტია, საიდანაც 300-ზე მეტ მშენებლობაზე წარმოება უკვე დაწყებულია. ჩვენ კონკრეტული ობიექტების დემონტაჟი უკვე განვახორციელეთ და ეს პროცესი გრძელდება,“ – აცხადებს გიორგი ბაგრატიონი.

დედაქალაქის მერი კი ამ მიმართულებით პოლიტიკის გამკაცრებას მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნის.

როგორც ის ამბობს, ამ მიზნით უკვე შემუშავებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის შედეგადაც ზედამხედველობის ფუნქციები შემდეგი დარღვევების მიმართ უფრო ეფექტიანი გახდება.

 

 

 

ქეთი გიგოლაშვილი 

პოპულალურები