LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურეკის პლაჟზე ძროხები აღარ იქნებიან: როგორ ხვდება კურორტი სეზონს

440

ურეკის სანაპირო ზოლზე, მზეზე მიფიცხებულებს, წელს პირველად ქვიშაში ჩამარხული სიმინდი და სანაპიროზე მოსეირნე ძროხები აღარ შეგაწუხებთ.

საკურორტო სეზონის დაწყებამდე კურორტის ადმინისტრაციამ რქოსან პირუტყვთან დაკავშირებით მოსახლეობა გააფრთხილა და სპეციალური მარეკებიც გამოიყო, რომლებიც სანაპირო ზოლზე პირუტყვის გადაადგილებას შეზღუდავს. სეზონის დაწყებამდე სიღრმისეულად დასუფთავდა სანაპირო ზოლიც, სპეციალური ტექნიკით დაიხნა ქვიშიანი ნიადაგი და სანაპირო ღრმად ჩამარხული ნაგვისგან გაიწმინდა.

საკურორტო სეზონზე სანაპირო ზოლი ყოველდღიურ რეჟიმში დილის 6 სათიდან 8 სათამდე დასუფთავდება. ამასთან კურორტის ადმინისტრაცია ზღვის წყალში კანალიზაციის მოხვედრას კატეგორიულად გამორიცხავს.

დასუფთავებული სანაპირო ზოლისა და სუფთა ზღვის შემდეგ შხაპის გადავლება კვლავ კუსტარულად მოწყობილ, ფასიან საშხაპეებში მოგიხდებათ. პლაჟის ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.

ახალ საზღვაო სეზონზე ურეკის სანაპიროს მაშველთა გაორმაგებული რაოდენობა მოემსახურება, 30 მაშველიდან 10 ადამიანი 112-ის წარმომადგენელი იქნება. ყველა მაშველს გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლება.

ურეკში დასასვენებლად ჩასულებს უპრობლემოდ „დაჩექინების“ საშუალებაც გექნებათ: მიმდინარე წლიდან კურორტი სრულ ინტერნეტიზაციას იწყებს.

ურეკი საკურორტო სეზონს ახალი გზითაც შეხვდება. როგორც „ფორტუნას“ ურეკში გამგებლის წარმომადგენელმა დავით რობაქიძემ განუცხადა, მიწისქვეშა საკანალიზაციო სამუშაოები და დაბის გაზიფიცირება დასრულების ფაზაშია და ზღვის სეზონის დაწყებამდე გადათხრილი გზები ახალი ასფალტის საფარით დაიფარება.

გაზრდილი ტურისტული ნაკადის პარალელურად დაბა ურეკი შიდა ტრანსპორტის საჭიროების წინაშეც დგას, პრობლემა ტურისტებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასაც აწუხებს. გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, შიდა ტრანსპორტის განვითარება და სანაპირო ზოლის მოწყობა გასახდელებით და საშხაპეებით მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები