LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„USAID-ის მხარდაჭერილი პროგრამები ხელს უწყობს ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას”

83

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი ენერგეტიკული პროგრამის პრეზენტაციაში, რომელიც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობაში გაიმართა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ საქართველოს. მისი განცხადებით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, USAID-ის მხარდაჭერილი პროექტები კი ეხმარება საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის პროცესში და მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების დაჩქარებაზე.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით, საქართველოს ეკონომიკაში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მან დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტების მნიშვნელობა საქართველოს ენერგეტიკაზე და აღნიშნა, რომ ამ პროექტებმა ასევე დიდი როლი ითამაშეს საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

ახალ ენერგეტიკულ პროგრამაზე საუბრისას,  ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ის ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებას, საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიხედვით. გარდა ამისა, პროექტი წაახალისებს ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში, ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არაგანახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციის ხელშეწყობას და საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული საკონსულტაციო მომსახურების გაწევას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.

ცნობისთვის, USAID-ის ენერგეტიკული პროგრამა (UEP) 7.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების მხარდაჭერას, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარებას, ენერგოინვესტიციების ოპტიმიზაციას, განახლებადი ენერგიების ქსელში ინტეგრაციას და საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ენერგოუსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები