LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უშიშროების საბჭოს გარეშე ქვეყნის დატოვება არც ერთი დღით არ შეიძლება – პრეზიდენტი

73

უშიშროების საბჭოს გარეშე ქვეყნის დატოვება არც ერთი დღით არ შეიძლება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ სასწრაფოდ, ინტენსიურად დაიწყოს მუშაობა უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი ახალი სტრუქტურის შესაქმნელად და ის დახვდეს ახალ პრეზიდენტს და ახალ კონსტიტუციას.

„საქართველოს ახალი კონსტიტუციით, რომელიც სულ მალე, ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან შევა ძალაში, წყვეტს ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა – უშიშროების საბჭო, რომელიც იყო წლების განმავლობაში ფორმატი და ფორუმი იმისთვის, რომ ქვეყანაში მიღებული ყოფილიყო პოლიტიკურად გაერთიანებული გადაწყვეტილებები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში. ასეთი სტრუქტურის არარსებობა ჩვენს სახელმწიფო სისტემაში არის ის სირთულე, რომელიც აღიარებული არის ჩვენი პარტნიორების მიერ. მეტიც, პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც კონსტიტუციაში შეწყვიტა ამ სტრუქტურის არსებობა თქვა, რომ ამ სტრუქტურის შემცვლელი სტრუქტურა იქნებოდა შემუშავებული და შექმნილი; ქვეყანას არ ექნებოდა პერიოდი, როდესაც არ იქნებოდა ის ფორმატი, რასაც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილებების ადგილი ჰქვია. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ, წლის ბოლომდე გვეყოლება ახალი პრეზიდენტი, გვექნება ახალი კონსტიტუცია და არ გვექნება უშიშროების საბჭო.

“ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად წარმატებებისა, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით, თავდაცვის სამინისტროდან ან ქართულ ჯარში, მიხედავად იმისა, რომ ჩვენი მებრძოლების კვალიფიკაცია ყოველდღიურად იმატებს, მიუხედავად იმისა, რომ ღრმავდება ჩვენი კოორდინაცია ჩვენს პარტნიორებთან, აუცილებელია სტრუქტურა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ხაზს ვუსვამ, არა ანალიტიკურ გადაწყვეტილებებს, არამედ ანალიტიკაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილებებს, რომელიც შემდეგ გახდება საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი დირექტივა, როგორც თავდაცვის სამინისტროსთვის, ასევე გენერალური შტაბისთვის და სხვა უწყებებისთვის. იმიტომ, რომ ჩვენი სამხედროები, რომლებიც გმირულად იცავენ საკუთარ სამშობლოს ყველაზე საშიში მტრის წინააღმდეგ, უნდა იყვნენ სრულიად გამართულები თავიანთ ქმედებებში და იმ ბრძანებების აღსრულებაში, რომელიც მათ მიეცემათ პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან.

“ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ შეიძლება ქვეყნის არც ერთი დღით დატოვება ასეთი სტრუქტურის გარეშე. სამწუხაროდ, ჩვენ არა ვართ ისეთი ქვეყანა, რომელსაც ერთი დღე, ორი დღე, ერთი კვირა, ერთი თვე ან 6 თვე წყნარად ფეხი-ფეხზე გადაიდოს და დაელოდოს, რომ ოდესღაც რაღაც იქნება შექმნილი,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები