LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი პოლიტიკურ ძალებს კონსტიტუციაზე დათმობებისკენ მოუწოდებს

27

„თუ ახალი კონსტიტუციის სახით ერთად სავალ ფართო შარაგზას ვერ ვქმნით, ამ შარაგზისკენ მიმავალი ვიწრო ბილიკი მაინც უნდა გამოვძებნოთ,“ – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, „შენების მოძრაობა“ უახლოეს დღეებში საზოგადოებას გააცნობს საარჩევნო სისტემის იმგვარ მოდელს, რომელიც ყველას პრინციპულ პოზიციებს გაითვალისწინებს, მაგრამ ყველასგან მცირე დათმობებს მოითხოვს.

„შენების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, კონსტიტუციური პროცესი პოლიტიკურად მძიმე დასასრულისკენ მიექანება. მისივე თქმით, საქმეს ვერ შველის ვერც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უპრეცედენტოდ ღიად გამოხატული შეშფოთება და იმედგაცრუება.

„ეს არ ხდება ცუდი ადამიანების გამო. ეს ხდება ცუდი სისტემის – ერთპარტიული მმართველობის – გამო. ამგვარი სისტემა ერთი და იმავე კანონზომიერებას ექვემდებარება, იქნება ის „ნაცმოძრაობული“ თუ „ოცნებური“. ამიტომ ჰგვანან ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით 2004 წლის, 2010 წლის და 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმატორების ქმედებები, მიდგომები, რიტორიკა და სტილი,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, მმართველმა პარტიამ ვერ გაიაზრა კონსტიტუციური პროცესის პოლიტიკური დატვირთვა და ფართო კონსენსუსის აბსოლუტური აუცილებლობა და, „შენების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, მმართველმა პარტიამ, ასევე, ვერ დაინახა განსხვავება კონსტიტუციისა და სამეცნიერო ნაშრომის შექმნას შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები