LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უვადო პატიმრობის გაუქმების საფრთხე – რას ამბობენ იურისტები?

238

უვადო პატიმრობის წესის გაუქმება, ისევე როგორც სიკვდილით დასჯა გაუქმდა, არ არის სწორი, ამის შესახებ ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა, გიორგი გოცირიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. თუმცა, მისივე  განმარტებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა სასჯელების გადახედვასაც ითვალისწინებს.

”არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და მისი გათავისუფლება ამ დანაშაულის განმეორებითი ჩადენის რისკს აჩენს. ეს სხვათა უფლებებზე უარყოფით გავლენას მოახდენს, თუმცა არის ერთი საკითხი – სასჯელების პერიოდული გადახედვის შესაძლებლობა, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს” – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი მიიჩნევს, რომ სასჯელის გადახედვის შემთხვევაში, თითოეული პატიმრის საქმე ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. გოცირიძის თქმით, ეს მექანიზმი საქართველოში ხარვეზებით მუშაობს და საჭიროა სისტემის ცვლილება.

”გვქონდა საქმე, როდესაც ადამიანს დაუსაბუთებლად უთხრეს უარი გათავისუფლებაზე, მხოლოდ იმის გამო, რომ მან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა. პატიმრის ინდივიდუალური შეფასება არ იყო მსჯელობის საგანი. ჩვენი აზრით, ეს არის მიუღებელი და ასეთი პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი შეფასება უნდა გააკეთოს არა სასჯელაღსრულების ადგილობრივმა საბჭომ, არამედ გადასინჯვა სასამართლომ უნდა განახორციელოს” – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უვადო პატიმრობა დანაშაულთა მცირე ჩამონათვალს ეხება. როგორც გოცირიძემ განმარტა, უვადო პატიმრობა შეიძლება მიესაჯოს პირს, რომელმაც მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა, ასევე – არაერთგზის ჩადენილი მკვლელობა, სამსახურებრივი მოვალეობის დროს ჩადენილი მკვლელობა, სხეულიდან ორგანოს ამოცლისა და შემდგომი ტრანსპლანტაციის მიზნით ჩადენილი მკვლელობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, გენოციდი და ტერორიზმი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები