LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უვიზო რეჟიმის გაუქმების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს – გიორგი გახარია

89

გერმანული გამოცემა „შპიგელი“ საქართველოს ვიცე პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საუბრის თემა საქართველოსთვის მინიჭებულ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას, ქართველების მიერ ევროპაში ჩადენილი კრიმინალის დონესა და სტატისტიკურ მონაცემებს შეეხება. გიორგი გახარია აცხადებს, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს უდიდესი მონაპოვარია, რომლის შენარჩუნება და მდგრადობაც უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთა ტალღას, რომელიც ერთგვარ კრიტიკასაც კი იწვევს, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოდან შენგენის ქვეყნებში შესვლის და დარჩენის მსურველთა რაოდენობის ზრდა არ არის განსაკუთრებული შემთხვევა, რადგან მსგავსი ტენდენცია ევროპის სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც ფიქსირდება. გიორგი გახარიას განცხადებით, პირველი წელი არის კრიტიკული ფაზა – პირველი ტალღა, რომელსაც, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, კლების ტენდენცია მოჰყვება. აღნიშნული პოზიტიური დინამიკა უკვე სახეზეა საქართველოს შემთხვევაშიც.

მისი თქმით, 2018 წლის იანვრიდან ყოველთვიურად ფიქსირდება თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის კლება და იანვართან შედარებით აპრილში 58%-ით ნაკლები განაცხადი არის დაფიქსირებული. რაც შეეხება კრიმინალს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ბოლო ორ წელიწადში დანაშაულში მხილებული პირების თუ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის, ასევე ბინის ქურდობის რიცხვი შემცირებულია.

ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იმ პრევენციულ ღონისძიებებზეც საუბრობს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მათ შორის საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც გვარის შეცვლის შესაძლებლობები შეზღუდა და ინტენსიური საინფორმაციო კამპანიები. ასევე, მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპოლიციო თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები ევროკავშირის 8 ქვეყანაში: ავსტრია, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, შვედეთი. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით იგეგმება ატაშეების ქსელის გაფართოება, რაც გულისხმობს ახალი ატაშეების წარგზავნას და რიგ შემთხვევებში, ერთი ატაშეს მიერ რამდენიმე ქვეყნის გადაფარვას. უახლოეს პერიოდში წარვგზავნით საქართველოს პირველ მეკავშირე ოფიცერს ევროპოლში,“ – აცხადებს გიორგი გახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები