LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ხელს პირველ ან ორ მარტს მოაწერენ

23

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელიმ „მოამბის”კორესპონდენტ ქეთევან ქარდავას დაუდასტურა, რომ ევროპულ საბჭოში საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე ბოლო შეხვედრა 22 თებერვალს გაიმართება.

მისივე ინფორმაციით, საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებას ოფიციალურად ხელს  პირველ ან ორ მარტს მოაწერენ. როგორც მარია გაბრიელიმ აღნიშნა, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპულ ჟურნალში 9 მარტამდე გამოქვეყნდეს, რათა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს ძალაში. 

როგორც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა განმარტა, თუ გადაწყვეტილება ევროპულ ჟურნალში 9 მარტს გამოქვეყნდება, აღნიშნული თარიღი დაჩქარებულ პროცედურებში ჩაითვლება, თუმცა ის აქვე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს 9 მარტამდე მოხდეს და გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად გამოქვეყნდეს ჟურნალში.

გარდა ამისა, ძალაში რჩება დაპირება, რომ გაზაფხულიდან საქართველოსათვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ხელს ვეღარაფერი შეუშლის. 

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა 2 თებერვალს. დეპუტატების უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას და ევროპულ საბჭოს პროცესების დაჩქარებისკენ მოუწოდა.