LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვადაგასული მედიკამენტები – ფარმაცევტული საქმიანობის მიმართულებით გამოვლენილი დარღვევები საგანგაშოა

ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციის, აღრიცხვისა და გაფორმების წესების დარღვევა; საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევა; ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქციის განადგურების წესის დარღვევა; ფარმაცევტული პროდუქციის შენახვის პირობების დარღვევა; აფთიაქის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა და ისეთი შემთხვევები, როდესაც აფთიაქი საქმიანობას ახორციელებს შესაბამისი ლიცენზია/ნებართვის გარეშე – ეს არასრული სიაა იმ დაღვევების, რაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აფთიაქებში გამოავლინა.

2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სააგენტოდან „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გამოითხოვეს. მიღებული ინფორმაციისას კი გაირკვა, რომ გარდა ფარმაცევტული საქმიანობის დარღვევისა, გამოიკვეთა „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის დარღვევაც. ამისთვის კი, ჯარიმის სახით დაკისრებულმა თანხამ საერთო ჯამში შეადგინა 183 200 ლარი. მითითებული დადგენილებებით, დაჯარიმებული დაწესებულებების ძირითად დარღვევებს წარმოადგენს – სამედიცინო/სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა, სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირება, სამედიცინო დაწესებულების არსებული ინფრასტრუქტურის დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამობა, სამედიცინო ნარჩენების მართვა და ა.შ.

ამასთან, პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 361 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, რა შემთხვევაშიც, 262 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ხოლო 99 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება.

როგორც „ფორტუნას“ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ განუცხადეს, სააგენტოს მიერ ფარმაცევტული საქმიანობის მიმართულებით გამოვლენილი დარღვევები უკიდურესად საგანგაშოა, ვინაიდან აღნიშნული პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ამ მიმართულებით კი, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მკაცრი და პრინციპული დამოკიდებულება.

„აუცილებელია განსაკუთრებული კონტროლი დაწესდეს ფარმაცევტულ საქმიანობაზე, ვინაიდან თავიდან იქნას აცილებული ქვეყანაში არალიცენზირებული, ვადაგასული მედიკამენტების რეალიზაცია, აფთიაქების უკანონო, უნებართვო საქმიანობა, რათა კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული მოქალაქეთა ჯანმრთელობა. ამ დროისთვის გამოვლენილ დარღვევებზე არის ჯარიმები გაცემული,“ – აღნიშნა „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა გიორგი ზოიძემ.

Medical supplies, pills and capsules

ის, რომ ვადაგასული სამკურნალო საშუალებები იყო აღმოჩენილი შემოწმებისას, ამას „ფორტუნასთან“ ადასტურებს, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახლმწიფო სააგენტოს ინსპექტირების სამმართველოს უფროსი ნანა შაშიაშვილიც, თუმცა, აქვე განმარტავს, რომ არცერთი შემთხვევა არ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ვადაგასული მედიკამენტის რეალიზაცია  განხორციელდა.

„ვადაგასული მედიკამენტების განადგურებას აქვს თავისი წესი და აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს წესები იყო დარღვეული. არცერთ შემთხვევაში არ იყო გამოვლენილი ფაქტი, რომელიც უკავშირდებოდა ფარმაცევტული დაწესებულებიდან ვადაგასული მედიკამენტის რეალიზაციას, რომელიც ან ჩვენ მიერ განხორცილდა საკონტროლო შესყიდვით ან მომხმარებელმა შეიძინა. ასევე, იყო არარეგისტირებული სამკურნალო საშუალების მიმოქცევის ფაქტები. მათგან უმეტესი 90% შემთხვევა უკავშირდებოდა იმას, რომ ფაქტის გამოვლენა მოხდა ჯერ კიდევ საზღვარზე. დაფიქსირდა, იმ ჯგუფის მედიკამენტების არსებობის ფაქტი დაწესებულებაში, რომელთა არსებობა ამ ტიპის დაწესებულებაში არ იყო ნებადართული. ჩვენ ყოველწლირუად ვზრდით შემოწმებების სიხშირეს,“ – აღნიშნა ნანა შაშიაშვილმა.

როგორც ის განმარტავს, სააგენტოს პრეროგატივაა, ფაქტის დაფიქსირება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, შემდეგ კი სანქციების საკითხს სასამართლო წყვეტს. დაწესებულების მიმართ, ასევე, შეიძლება მოხდეს ნებართვის გაუქმება. ისიც, იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი დარღვევა, რომელიც რისკს ქმნის მოქალაქების სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის.

დღეს სახელმწიფოს აქვს გამახვილებული ყურადღება ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემასთან დაკავშირებით და ნომერ პირველი პრიორიტეტია. თუმცა, ამის მიღმა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ფარმაცევტულ პროდუქტს თავისი შენახვის წესები აქვს, ასევე დადგენილი სტანდარტები, როგორ უნდა მოხდეს მათი რეალიზაცია, შესაბამისად, ამის დაცვა ყველასთვის სავალდებულოა.

„ყველა რეგლუაციას აქვს შემდეგი საპასუხო რეგლუაცია თუ ის არ სრულდება. ეს შეიძლება მივიდეს საქმიანობის შეჩერებამდე. ხომ არ შეიძლება ერთი და იგივე დარღვევა ფიქსირდებოდეს ერთსა და იმავე ობიექტში. მხოლოდ საკანონმდებო ჩანაწერი რეგულაციებთან დაკავშირებით არ არის საკმარისი, აქ არანაკლებ მნიშვნელოვანია აღსრულების მექანიზმი და თითოეული მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობა, ვინც ამ საქმიანობაშია ჩართული, იქნება ეს ფარმაცევტი თუ ვინ,“ – აღნიშნა ხუნდაძემ.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტული დაწესებულებების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ქსელურ, ასევე ერთეულ აფთიაქებში სისტემატურად ახორციელებს.