LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში მთის ნგრევა განახლდა – საფრთხე, რომელსაც სტიქიური პროცესი გამოიწვევს [ფოტო/ვიდეო]

ჟვანიას ქუჩაზე,  მთის ქედზე სამშენებლო სამუშაოები ისევ განახლდა. მძიმე ტექნიკის საშუალებით საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ტერიტორიის მომზადება და ქედის მოჭრის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  სამშენებლო სივრცე  ლითონის ბარიერით არის შემოსაზღვრული,  ადგილზე მხოლოდ ექსკავატორის მძღოლი იმყოფება.

როგორც ტერიტორიაზე დადგმული საინფორმაციო ბანერიდან ირკვევა, სამუშაოების დამკვეთი შპს „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპია“.  მთის ქედის ჩამოჭრის შემდეგ 4-5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

„მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიამ გასულ კვირას აღადგინა,“ – განუცხადეს “ფორტუნას” სამშენებლო კომპანიაში.

„ბალტიკ ინვესტმენტის“  წარმომადგენლის,  გიორგი კაციტძის, ინფორმაციით, მშენებლობა ზედამხედველობის სამსახურში შესული საჩივრის საფუძველზე იყო შეჩერებული და განახლების ნებართვა გასულ კვირას გაიცა.

„ზედამხედველობის სამსახურში შესული საჩივარი განიხილეს და მომჩივანის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. დადასტურდა, რომ კანონიერად ვაწარმოებთ მშენებლობას,  წესრიგში გვაქვს ყველანაირი დოკუმენტაცია  და მშენებლობის შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს, “ – განუცხადა „ფორტუნას“ სამშენებლო  კომპანიის  წარმომადგენელმა.

რაც შეეხება სამუშაოებთან დაკავშირებულ მთავარ გეოლოგიურ პრობლემას – ქედის ჩამოშლას, “ბალტიკ ინვესტმეტში“  ამბობენ,  რომ მათ საკუთრებაში არსებულიმ მიწის ნაკვეთი მთაწმინდის ქედს არ მიეკუთვნება და მშენებლობა ნებადართულია.

ჩვენი მშენებლობა მთაწმინდის ქედთან არანაირ კავშირში არ არის.  არის სულ სხვა ქედი, რომელზეც დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა,  რის საფუძველზეც მივიღეთ სამშენებლო ნებართვა. შეთანხმდა პროექტი და დავიწყეთ მშენებლობა. მთაწმინდის ქედთან ჩვენს ნაკვეთს შეხება არა აქვს,“ – განმარტავს გიორგი კაციტაძე.

 

ტერიტორია ხელახალ გეოლოგიურ შესწავლას საჭიროებს

სტიქიური პროცესების უგულვებელყოფით გამოწვეულ საფრთხეებზე „ფორტუნასთან“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დოქტორმა, გიორგი დვალაშვილმა, ისაუბრა.

ქანების სპეციალისტის მოსაზრებით, პრობლემის  უგულვებელყოფის შემთხვევაში,  შენობა ესქპლუატაციაში შესვლის შემდეგ პრობლემური შეიძლება, გახდეს. მაგალითად,  განიცადოს დეფორმაცია, თავად ქედმა კი საფრთხე შეუქმნას ქედის ძირში დასახლებულ პუნქტს.

„ნებისმიერ ქედზე მშენებლობის ნებართვა სპეციალისტების მიერ უნდა გაიცეს, თუ ასეთი ნებართვა არსებობს,  მაგრამ მშენებლობის პროცესში სტიქიური პროცესი, ქვათაცვენები განვითარდა,  გეოლოგიური დასკვნა უნდა გადაიხედოს,  მოხდეს ტერიტორიაზე ადამიანის ზემოქმედების კომპლექსური კვლევა. შესაძლებელია, მშენებლობის დასრულების შემდეგ ისეთი პროცესები განვითარდეს, რაც შენობასაც და დასახლებულ პუნქტსაც შეუქმნის საფრთხეს. ეს არც მშენებლის,  არც დამკვეთის და არც შემსრულებლის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს,“ –  განმარტავს „ფორტუნასთან“ გეოლოგი გიორგი დვალაშვილი.

რის საფუძველზე განახლდა მთის ქედზე სამშენებლო სამუშაოები და არსებობს თუ არა გეოლოგიური დასკვნა, ამ კითხვებზე თბილისის მერიაში ჯერჯერობით არ პასუხობენ. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება  უახლოეს პერიოდში გაკეთდება.

 

 

 

თამუნა გოგუაძე 

პოპულალურები