LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ბუცხრიკიძე: მოგების გადასახადის ახალი მოდელი ბანკებზეც უნდა გავრცელდეს

108

თუ  მოგების გადასახადისგან ბიზნესის გათავისუფლება ესტონური მოდელის მიხედვით ხდება, მაშინ მოგების გადასახადისგან ბანკებიც უნდა გათავისუფლდნენ. ამის შესახებ “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბანკების ასოციაციაში საერთო პოზიცია ჩაყალიბდება.

,,ჩვენს ოფიციალურ პოზიციას მომავალ კვირაში დავაფიქსირებთ. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ესტონური მოდელი ბანკებზეც ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, როგორც სხვა ბიზნესები, ამ სისტემაში ბანკებიც უნდა შედიოდნენ. ცვლილება, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ვფიქრობთ, რომ ბანკებიც ჩართული უნდა იყოს,”- განაცხადა ბუცხრიკიძემ

მისი თქმით, ამის ორი მიზეზი არსებობს. “თუ ვამბობთ, რომ ეს ესტონური მოდელია, ბანკები არ უნდა გამოვყოთ და მეორე – საბანკო სფერო ისეთი სექტორია, სადაც უამრავი უცხოელი ინვესტორია და ალბათ, ჩვენთვის რთული იქნება მათთვის იმის ახსნა, თუ რატომ არის ქართული ბანკები ამ სისტემიდან ამოვარდნილი. ამ ამოვარდნამ ინვესტორების განწყობაზე შესაძლოა ცუდად იმოქმედოს,”- აღნიშნა “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა.

როგორც ბუცხრიკიძემ აღნიშნა, მოგების გადასახადისგან გათავისუფლების მიუხედავად, ბანკებს სტრატეგიაში განსაზღვრული აქვთ, რომ მოგების 25% დივიდენდად უნდა დაარიგონ.

“ანუ თუ ბანკები შევლენ ამ სისტემაში, “თიბისი ბანკი” მიღებული 25%-იანი მოგების გადასახადს მაინც გადაიხდის და ალბათ, სხვა ბანკებიც იმავე სტრატეგიას შეინარჩუნებენ”, – განმარტა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინფორმაციით, მოგების გადასახადის რეფორმა არ გავრცელდება ბანკებზე, სადაზღვევო კომპანიებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, მეწარმე ფიზიკურ პირებზე, ასევე ორგანიზაციებზე, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება – სსიპ-ებზე და არასამთავრობო სექტორზე.

მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი მოდელი 1 ივლისიდან ამოქმედდება.

პოპულალურები