LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ კახიძე და ნიკოლოზ რაჭველი დაზავდნენ – რა შეხვედრა შედგა დირიჟორებს შორის

356

მუსიკოსი გიორგი ცაგარელი კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის მეტად საინტერესო და სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჩანს, ორმა დირიჟორმა, ვახტანგ კახიძემ და ნიკოლოზ რაჭველმა მოილაპარაკეს.

„გუშინ ღამით ვახტანგ კახიძემ, ნიკოლოზ რაჭველმა, მენეჯმენტის მართველებმა და ორკესტრების ბორდების წარმომადგენლებმა იმსჯელეს 2016-17 წლის სეზონის ერთობლივ პროგრამაზე. მოგეხსენებათ, ალბათ, რომ მას შემდეგ, რაც გარემონტდა „რკინიგზელთა სახლი“ და მოხდა ჯ. კახიძის სახელობის და ე.მიქელაძის მუსიკალური ცენტრების გაერთიანება (“რკინიგზელთა სახლში” იმართება კამერული ორკესტრებისა და ანსამბლების კონცერტები, თანამედროვე ექსპერიმენტული პროექტები და სხვადასხვა სოლო თუ კამერული პერფორმანსები, ხოლო კახიძის დარბაზში სიმფონიური მუსიკის კონცერტები (ეს დარბაზები ხომ ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის დაშორებითაა განთავსებული).

იქნებიან მოწვეული მრავალი ქართველი თუ უცხოელი დირიჟორები და შემსრულებლები.  შემიძლია გაგიმხილოთ, რომ მაესტრო კახიძე და მაესტრო რაჭველი ერთმანეთის ნაწარმოებებს შეასრულებენ მომავალ სეზონშიც. ამჯერად ბატონი ვახტანგი ნიკას „რევერანსს“, ხოლო ნიკა კი მის „რუსულ სამკუთხედს“ შეასრულებს. ასევე მსმენელის წინაშე წარდგება გაერთიანებული ორკესტრი, რიმელიც ვაგნერისა და მალერის დღეებს გამართავს! გადაწყდა დაწესდეს ყოველწლიური პრიზი გაერთიანებული მუსიკალური ცენტრის იმ მუსიკოსისათვის, რომელსაც ყველაზე მეტჯერ მოუწევს გარდა თავისი ორკესტრისა, გაერთიანებული ცენტრის მეორე სიმფონიურ ორკესტრში დაკვრა. ვფიქრობთ, დიდი კონკურენცია იქნება, რადგან ალბათ მოგეხსენებათ თუ როგორ გვერდში უდგანან ამ ორი სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელები და ორკესტრის მუსიკოსები ერთმანეთს და რა სიხშირით უწევთ ერთმანეთის ორკესტრებში მისახმარებლად და გასაძლიერებლად დაკვრა. ასევე ჩატარდება კონკურსი ბავშვთა ანსამბლებსა, სოლისტებსა და ორკესტრებს შორის, რომლებიც „საქართველოს გაერთიანებული მუსიკალური ცენტრის საბავშვო აკადემიაში“ სწავლობენ ორკესტრის მუსიკოს-პედაგოგებთან.

ერთი შემიძლია ის გავამხილო, რომ როგორც მე, ასევე სხვა რამდენიმე რეზიდენტ სოლისტს გვიგრძელებენ კონტრაქტს და ახალ სეზონშიც ორივე მაესტროსთან ერთად გავმართავთ როგორც ქართველი კომპოზიტორების, ასევე უცხოელი თანამედროვე კომპოზიტორების ქართულ პრემიერებს! არ შემიძლია, კიდევ ერთი სიურპრიზი არ გაგიმხილოთ, იმედია კონტრაქტის დარღვევა არ დამბრალდება, თუმცა მაინც გაგიმხლეთ… ბატონი ვატოც და ნიკაც დეკემბრის ბოლოს გამართავენ საფორტეპიანო კომპოზიციების საახალწლო ერთობლივ კონცერტს. მოგვევლინებიან პიანისტის ამპლუებში და მეგობრულ დუელ-პერფორმანსაც შემოგვთავაზებენ!!! აბონიმენტების რაოდენობა შეზღუდულია და გირჩევთ უკვე იზრუნოთ მათ შეძენაზე!

რა ბედნიერებაა, რომ მომიწია იმ დროს ცხოვრება და მოღვაწეობა ჩემს ქვეყანაში, როდესაც ამდენი მუსიკოსის კოლაბორაცია, მეგობრობა და მომავალ თაობის აღზრდაზე ერთიანი ძალებით ზრუნვაა, როდესაც კლასიკურ და პროფესიულ მუსიკას, განათლებასა და საერთოდ კულტურას ასე გვერდში უდგანან ჩვენი მეცენატები და სახელმწიფო! მუსიკა ხომ გვაერთიანებს და გვაძლიერებს!!!

ფანჯრიდან შემოსულმა მძღოლების გინებამ (რომლებსაც არ უნდოდათ ერთმანეთისთვის ფაქტიურად ცარიელი გზის დათმობა) გამომაღვიძა…დღე მშვიდობისა საქართველო…“ – წერს ვრცელ სტატუსში გიორგი ცაგარელი.

12659847_10207393567290479_2053587470_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები