LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკში გავრცელებული მწერი აზიური ფაროსანაა – სამინისტრო შესაბამისი ზომების გატარებას გეგმავს

61

თბილისში, ვაკის პარკში გავრცელებული ფაროსანა აზიური აღმოჩნდა. ​სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამასთან დაკავშირებით, კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამისი ზომების გასატარებლად მზად არის. ტერიტორია სპეციალური წამლით დამუშავდება.

ამასთან შემოწმება თბილისსა და მის შემოგარენში არსებულ ყველა პარკში ჩატარდება.

აზიური ფაროსანას დასაჭერი ხაფანგები განთავსდება ყველა სხვა პარკში, ასევე თბილისის შემოგარენში მდებარე ტყე-პარკებში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფაროსანასთან დაკავშირებით მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე მავნებლის გავრცელებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს და სამომავლოდ სამოქმედო გეგმები დასახეს.

 „სახელმწიფო ახდენს ყველა იმ რესურსის მობილიზებას, რაც ქვეყანაში არსებობს. აზიური ფაროსანა ერთი კონკრეტული უწყების მოსაგვარებელი საკითხი არ არის, პროცესში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს“ , – აღნიშნა მინისტრმა.

პროფესიონალების მხრიდან ხაზი გაესვა საკითხის სიმწვავეს და აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის კუთხით ევროპასა და აშშ-ი სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც პროცესში მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არიან ჩართულები კონკრეტული პროტოკოლი ბრძოლის თვალსაზრისით ამ დრომდე არ გააჩნიათ.

სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სპეციალისტები არსებულ საკითხზე მუშაობას აგრძელებენ, სწავლობენ სხვადასხვა პრეპარატებს, რათა დადგინდეს ბრძოლის ყველაზე ეფექტური და სწრაფი მოგვარების გზები.