LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკთან უნივერსიტეტის ახალი კამპუსი აშენდება

209

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი კამპუსის მშენებლობას იწყებს.

ოთხსართულიანი, 4750 კვადრატული მეტრის საგანმანათლებლო ნაგებობა ვაკის პარკთან, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, SDSU საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში აშენდება.

კამპუსი, რომლის მშენებლობაც 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება, აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით. მასში განთავსდება SDSU საქართველოს დამატებითი საკლასო ოთახები, სამუშაო სივრცეები და საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები.

მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიალს გახსნიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში, კენ ვოლში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია. ცერემონიალს ასევე დაესწრებიან ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები და სხვა სტუმრები.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოში სთავაზობს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს სამშენებლო ინჟინერიაში, სამოქალაქო ინჟინერიაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟინერიასა და ქიმია/ბიოქიმიაში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი სემეტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-ს კალიფორნიის კამპუსში. პროგრამის პარტნიორები საქართველოში არიან:  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

პოპულალურები