LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო ჩხარტიშვილი ნიკა გვარამიასა და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

166

ვანო ჩხარტიშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩხარტიშვილის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთი ბრიტანული კომპანიის, „დილიჯენსის“ დასკვნის მიხედვით, ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები არის ხელით მანიპულირებული, გადაკეთებული ან სხვადასხვა დროსა და ადგილას გაკეთებული ჩანაწერების მონტაჟი.

როგორც ხატიაშვილმა აღნიშნა, მიმართა ასევე ტელეკომპანია „რუსთავი2“-სა და „იბერიას“, რომ შეწყვიტონ ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაცია ყალბი და დამონტაჟებული ფარული ჩანაწერების მეშვეობით.

„ჩვენ უკვე მივმართეთ ლონდონის ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანიას, რათა მან დაადგინოს ამ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანიისგან მიღებული ზარალის ოდენობა.

სასამართლო დავას ჩვენ დავიწყებთ არა მარტო ამ ტელეკომპანიების, არამედ, უპირველესყოვლისა, მათი ხელმძღვანელების, ნიკა გვარამიასა და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ.

ლონდონის ორივე საექსპერტო ბიუროს ექსპერტები მზად არიან, დაესწრონ ჩვენ მიერ ინიცირებულ სასამართლო პროცესებს და დაადასტურონ ჩვენი სიმართლე.

ასევე, ვაფრთხილებთ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც საფრანგეთიდან საექსპერტო ბიუროს დასკვნის პრეზენტაცია დააანონსა, ექსპერტიზისთვის განსხვავებული მასალისა თუ ვერსიის წარდგენისა და, შესაბამისად, განსხვავებული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, მასალების გაყალბებისთვის მას პასუხისმგებლობა საფრანგეთის სამართლებრივ სივრცეში მოუწევს.

მე ვაპირებ ასევე, რომ ლონდონის ორივე საექსპერტო ბიუროს დასკვნა გასაცნობად მივაწოდო საქართველოში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებს.

ამჯერად, საზოგადოებას ვთავაზობ ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დილიჯენსის (Diligence ) 3 ოქტომბრის დასკვნას, მის ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანსა და მასალას საექსპერტო კომპანიის დამფუძნებლებისა და საქმიანობის შესახებ“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.