LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა

102

სააპელაციო სასამართლომ ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.  სასამართლო პროცესი ,,აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე მიმდინარეობდა.

“სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით, მოქალაქეებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით დაათმობინეს თელავში მდებარე ,,აკურას“ ღვინის ქარხანა, კერძოდ: 2004 წლის ივლისში, საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ივანე მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, ქ.ბათუმში, იმდროინდელი აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში შედგა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები”,-აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, თათბირზე, მერაბიშვილი და ადეიშვილი ისმენდნენ თუ როგორ მიმდინარეობდა სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესი, მათ მიაჩნდათ, რომ ხსენებული ბანკი და ამ ბანკის აქციონერები  აჭარის წინამორბედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან იყვნენ დაკავშირებულნი, რის გამოც აუცილებელი იყო  ბანკის  მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული კრედიტები მოკლე ვადიან პერიოდში უკან დაბრუნებულიყო, რათა სწრაფად მომხდარიყო ბანკის ლიკვიდაცია, ეს თანხები გადარიცხულიყო  მერაბიშვილის და ადეიშვილის მიერ დასახელებულ ანგარიშებზე და მათზე წვდომა არ ჰქონოდათ ბანკის აქციონერებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსესხებელი ვერ შეძლებდა კრედიტის უკან დაბრუნებას, მაშინ მათგან უნდა მოეთხოვათ სახელმწიფოს სასარგებლოდ იმ უძრავ/მოძრავი ქონების დათმობა, რომლის შესაძენადაც გახარჯული ჰქონდათ ბანკიდან აღებული სესხი.

პროკურატურის ინფორმაციით,  აჭარის ა/რ პროკურორმა გივი პაპუაშვილმა პროკურატურაში დაიბარა „აკურას“ ღვინის ქარხნის მეპატრონეები და მათ გადასცა ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის კატეგორიული მოთხოვნა, რომ 2 თვეში დაეფარათ სს „საქართველოს საზღვაო ბანკი“-დან აღებული კრედიტი, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებდნენ, მაშინ უსასყიდლოდ დაეთმოთ „აკურას“ ღვინის ქარხანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეექმნებოდათ პრობლემები. ანალოგიური ხასიათის მუქარა მათ შემოუთვალეს ფინანსური პოლიციიდანაც, რამაც სისტემატიური ხასიათი მიიღო.

“აღნიშნულზე, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა თეიმურაზ მეგრელიშვილმა და ნოდარ მოდებაძემ  სამართალდამცავებისგან მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტეს დაეთმოთ ღვინის ქარხანა და ამის შესახებ გივი პაპუაშვილს აცნობეს. ქონების ჩამორთმევის პროცესის დაჩქარების მიზნით, სამართალდამცავების ორგანიზებით, შუაღამით, სახლიდან საგანგებოდ გამოიყვანეს ნოტარიუსი და 2004 წლის 07 სექტემბერს ნოტარიული წესით გააფორმეს ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თეიმურაზ მეგრელიშვილმა  და ნოდარ მოდებაძემ თელავში მდებარე „აკურას“ ღვინის ქარხანა აჩუქეს სახელმწიფოს”,-აღნიშნულია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ივანე მერაბიშვილს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და განესაზღვრა 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ზურაბ ადეიშვილს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ორივე მათგანს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლის და 6 თვის ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები